მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული

პუბლიკა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში, რომელიც საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ყოველწლიურად მზადდება, მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული. ანგარიშში საუბარია, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი ივანიშვილია.

„რუსეთმა, შესაძლოა, ვერ შეძლო საქართველოს, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის მის ბანაკში მოქცევა, მაგრამ ის კვლავ ცდილობს მათი დასავლური ინტეგრაციისთვის ხელშეშლას. პრორუსი ოლიგარქი და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელია ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლასა და ევროკავშირის კურსიდან მის გადახრაზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილებს”, – ნათქვამია ანგარიშში.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. როგორც დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გაემგზავრება, თუმცა მას მთავრობისგან თანხმობა არ მიუღია. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენციაზე საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება, ხოლო მას ახალი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე არ დაესწრება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციიდან ოფიციალური მიწვევა მიიღო და მონაწილეობას გეგმავს.