ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები სახალხო დამცველის აპარატში გენდერის დეპარტამენტის გაუქმებას ეწინააღმდეგებიან

პუბლიკა

ქალთა უფლებებზე მომუშავე პროფესიონალები და ორგანიზაციები სახალხო დამცველის აპარატში გენდერის დეპარტამენტის გაუქმებას აპროტესტებენ.

დეპარტამენტი 2026 წლის 22 ოქტომბერს, რეორგანიზაციის ფარგლებში გაუქმდა.

განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში, სადაც გენდერული თანასწორობის სამართლებრივი და ინსტიტუციური გარანტიები თანმიმდევრულად უქმდება, სახალხო დამცველის აპარატში სპეციალიზებული დეპარტამენტის გაუქმება მხოლოდ ადმინისტრაციულ ცვლილებად ვერ შეფასდება.

„სწორედ ასეთ კრიზისულ ვითარებაში უნდა იყოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი განსაკუთრებით ძლიერი, დამოუკიდებელი და პრინციპული“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში გაუქმდა გენდერული კვოტები, კანონმდებლობიდან წაიშალა სიტყვა „გენდერი“, დაიშალა შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმები, ხოლო რეპრესიულმა კანონებმა ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესაძლებლობები შეზღუდა.

განცხადების ხელმომწერთა შეფასებით, გენდერული თანასწორობის საკითხების სხვა დეპარტამენტებზე გადანაწილება ვერ ჩაანაცვლებს სპეციალიზებულ ცოდნასა და ინსტიტუციურ მეხსიერებას. მათი აზრით, ეს გადაწყვეტილება ასუსტებს კოორდინაციას, ანგარიშვალდებულებასა და გენდერულ საკითხებზე ინსტიტუციურ ფოკუსს.

„არსებობს საფრთხე, რომ ის, რაც თითქოს ყველას პასუხისმგებლობად გადანაწილდა, საბოლოოდ არავის უშუალო პასუხისმგებლობა აღარ აღმოჩნდეს“, – აცხადებენ ისინი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რეორგანიზაციის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის ოფიციალურ განცხადებაში სიტყვა „გენდერი“ საერთოდ არ არის ნახსენები.

ქალთა უფლებებზე მომუშავე პროფესიონალები და ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დეპარტამენტის გაუქმება საფრთხეს უქმნის გენდერული ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევების შესწავლას, ცალკეული საქმეების მიღმა სისტემური პრობლემების გამოვლენასა და სახელმწიფო პოლიტიკის თანმიმდევრულ მონიტორინგს.

განცხადების ავტორები გადაწყვეტილებაზე პერსონალურ პასუხისმგებლობას სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს აკისრებენ და აცხადებენ, რომ საკითხის მხოლოდ ფორმალური ადმინისტრაციული განმარტება საკმარისი არ არის.

განცხადების ავტორები ოთხ მოთხოვნას აყენებენ:

  • ლევან იოსელიანი პირადად შეხვდეს ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს და მათ კითხვებს უპასუხოს;
  • გასაჯაროვდეს რეორგანიზაციის საფუძვლად გამოყენებული შეფასებები და დოკუმენტები, რომლებიც გენდერის დეპარტამენტის გაუქმების აუცილებლობას ასაბუთებს;
  • საჯაროდ განიმარტოს, ვის გადაეცა დეპარტამენტის ფუნქციები, როგორ შენარჩუნდება სპეციალიზებული ექსპერტიზა და ვინ იქნება შედეგებზე პასუხისმგებელი;
  • გადაიხედოს დეპარტამენტის გაუქმების გადაწყვეტილება და შენარჩუნდეს ქალთა უფლებების დაცვის ძლიერი, სპეციალიზებული და ანგარიშვალდებული ინსტიტუციური მექანიზმი.

„ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვის მექანიზმები საქართველოში ათწლეულების ბრძოლის შედეგად შეიქმნა. მათი გაუქმება მყისიერად მოხდა, აღდგენას კი კვლავ წლების ბრძოლა დასჭირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორები აცხადებენ, რომ ქალთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლას გააგრძელებენ და არ აპირებენ, ჩუმად უყურონ ათწლეულების განმავლობაში მიღწეული შედეგების განადგურებას.

განცხადებას ამ დროისთვის ხელს აწერენ:

1. ქალთა მოძრაობა

2. საფარი

3. ქალები საქართველოდან

4. უფლებები საქართველო

5. Grlzwave

6. მედია ცენტრი კახეთი (MCK)

7. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

8. რაჭის სათემო ორგანიზაცია

9. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის

10. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია „ნდობა“

11. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

12. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)

13. თბილისი პრაიდი

14. კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი

15. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

16. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

17. სოციალური სამართლიანობის ცენტრი

18. ასოციაცია „სოციალური ქოლგა“

19. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

20. ააიპ უხუცეს ქალთა საბჭო

21. მწვანე ალტერნატივა

22. ქალთა ფონდი „სოხუმი“

23. პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის

24. ასოციაცია „მერკური“

25. თანასწორობის მოძრაობა

26. ფონდი ტასო