„პუტინი ნავალნის რუსულ სააკაშვილს ეძახდა" - მიხეილ სააკაშვილი

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის „რუს სააკაშვილს ეძახდა“.

სასამართლო პროცესზე ჩართვისას საქართველოს ექს-პრეზიდენტმა თქვა, რომ პუტინის თქმით, მისი „ნომერ პირველი მტრები ნავალნი და სააკაშვილი იყვნენ”, საიდანაც ექსპრეზიდენტის განცხადებით, პუტინმა „ერთი მოიშორა, მეორე კი მის ხელშია”.

„მანამდე მოკლეს პოლიტკოსკაია, ნემცოვი და ახლა ნავალნი. პუტინმა საჯაროდ გამოთქვა სურვილი, მე ჩამოვეკიდე ერთი ადგილით, პუტინი დაიმუქრა, რომ მე მოვხვდებოდი ციხეში და მე გამანადგურებდა ფიზიკურად.

როდესაც პუტინი ნავალნიზე საუბრობდა, ამბობდა, რომ ეს არის რუსული სააკაშვილიო. მის გვარს არ ახსენებდა. მისთვის ნომერ პირველი მტრები, სანამ ზელენსკი გახდებოდა [პუტინის მტერი], პუტინი ამბობდა, რომ სააკაშვილი და ნავალნი მისი ნომერ პირველი მტრები არიან. ერთი მტერი მან მოიშორა, მეორე მის ხელშია.

ყველაფერი, რაც ეხება საქართველოს პენიტენციურ სისტემას, თავიდან ბოლომდე კონტროლდება რუსული სპეცსამსახურების მიერ. ეს ყველამ კარგად ვიცით. მე მტრის ჯინაზე სიცოცხლისთვის ბრძოლას ვაპირებ, ბრძოლას ვაპირებ თქვენთვის”, – თქვა ექსპრეზიდენტმა.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მას ნავალნისთან ჰქონდა მიმოწერა, რომლის დროსაც რუსმა ოპოზიცონერმა 2008 წელს გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიში მოიხადა.

ალექსეი ნავალნიმ სააკაშვილთან მიმოწერაში ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ 2008 წელს „საქართველოზე შეურაცხმყოფელი პოსტები დაწერა”.