საქსტატი: 2024-ის იანვარში მშპ 5.8%-ით გაიზარდა, 2022-ის იანვარში - 11%-ით

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 5.8%-ით გაიზარდა.

2022 წლის იანვარში ეკონომიკური ზრდა 11% იყო, 2023 წლის ზრდის წინასწარი შეფასება – 7.5%.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

კლების ტენდენცია იყო ვაჭრობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში.

რაც შეეხება საქონლით საგარეო ვაჭრობას – შემცირებულია როგორც იმპორტი, ისე – ექსპორტი. 

2024 წლის იანვრის მონაცემებია:

  • იმპორტი: 1 002.7 მილიონი აშშ დოლარი
  • ექსპორტი: 338.6 მილიონი აშშ დოლარი

2023 წლის იანვრის მონაცემები:

  • იმპორტი: 1 114.9 მილიონი აშშ დოლარი
  • ექსპორტი: 459.0 ილიონი აშშ დოლარი

დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (%)