ემიგრანტებისთვის ხმის ონლაინ მიცემა არის გამორიცხული - მდინარაძე

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ხმის ონლაინ მიცემა გამორიცხულია. მისი თქმით, ამას უდიდესი რისკი ახლავს.

გუშინ, 29 თებერვალს „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრიმა“ მოუწოდა პარლამენტს, დაიწყოს განხილვა ნოემბერში დარეგისტრირებული კანონპროექტისა, რომელიც ემიგრანტებისთვის ხმის ონლაინ მიცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს.

„ონლაინ ხმის მიცემა არის გამორიცხული. ამას ახლავს უდიდესი რისკი. ასობით ათასი ემიგრანტი სხვა ქვეყნებთან ერთად იმყოფება რუსეთში. მაშინ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ვენდობით ეფ-ეს-ბეს. როცა 600 ათასი თუ მეტი ადამიანის ხმა შეიძლება შემოვიდეს და შეცვალოს არჩევნების შედეგები ან დისკრიმინაცია უნდა მოვახდინოთ და რუსეთში რომ არის ემიგრანტი, იმას ავუკრძალოთ და სხვა ქვეყნებში ემიგრანტებს მივცეთ უფლება. ეს გამორიცხულია. თუნდაც სხვა ქვეყნებიდან, ხომ ვერ გამოვარჩევთ?

ჩვენ ვლაპარაკობთ ელექტრონულ არჩევნებზე, ბევრი ადამიანი ამით სპეკულირებს და ეუბნება ემიგრანტებს, რომ მათ ხმის მიცემის უფლება არ აქვთ, არადა ზუსტად იგივე წესით, როგორც აქამდე იყო, ქართველ ემიგრანტებს შეეძლებათ, მივიდნენ უბნებზე და დააფიქსირონ ხმა“, – განაცხადა მდინარაძემ.


EECMD-ის ავტორობით და ოპოზიციის დეპუტატების ინიციირებით, 2023 წლის 21 ნოემბერს დარეგისტრირდა კანონპროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიზანია, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ონლაინ სისტემის გამოყენებით მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ.

კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ საარჩევნო კოდექსს დაემატოს დისტანციური არჩევნების შესახებ თავი, რომელიც დაარეგულირებს არჩევნებში ონლაინმონაწილეობის წესებსა და პირობებს.

წარმოდგენილი ცვლილებები შესაძლებელს გახდის სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საპარლამენტო არჩევნებში დისტანციურ მონაწილეობას.

კანონპროექტით, მოქალაქეები შეძლებენ ელექტრონულად, ინტერნეტში სპეციალური ვებპლატფორმის გამოყენებით ხმის მიცემას. ხმის ონლაინმიცემა ხმის მიცემის ტრადიციულ მეთოდთან ერთად, ალტერნატივა იქნება.

ხმის მიცემის ანონიმურობის დასაცავად გათვალისწინებულია ელექტრონული ორმაგი დაშიფვრა.