აზარაშვილი: მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული საეჭვო მედიკამენტების შემოტანის სქემაში

პუბლიკა

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, საეჭვო მედიკამენტების შემოტანის სქემაში, მინიმუმ, 60 ონკოლოგია ჩართული.

ფეისბუქპოსტში თავისი საქმიანობის შეჯამებისას აზარაშვილმა დაწერა, რომ „დიდ გამოწვევად რჩება ონკოლოგიური დიაგნოსტიკა და მედიკამენტების გაიდლაინების მიხედვით, კეთილსინდისიერად დანიშვნის საკითხი”.

„გამოვლენილია ფაქტები, როდესაც საეჭვო ქვეყნიდან ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა. სამწუხაროდ, სავარაუდოდ, მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული ამ სქემაში და მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შემოდიოდა როგორც სამინისტროში ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება“. – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს არ უთქვამს, რა გაკეთდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

რაც შეეხება ბავშვთა ონკოლოგიას, მისი თქმით, „2023 წლის აგვისტოდან, მსოფლიოს 3 ქვეყანაში, 7 საერთაშორისო სტანდარტის მრავალპროფილურ კლინიკაში, სრულყოფილი სერვისით ვფარავთ ბავშვთა ონკოლოგიას, რომლითაც ამ დროისთვის 60-ზე მეტმა ბავშვმა უკვე ისარგებლა”.