ახალი ქართული ფილმის, „ლურჯი მოცვის“ პრემიერა კოპენჰაგენის კინოფესტივალზე შედგება

პუბლიკა

საპროდიუსერო კომპანია „პარაშუტ ფილმსის“ ცნობით, ელენე მიქაბერიძის დოკუმენტური ფილმის „ლურჯი მოცვი“ მსოფლიო პრემიერა 19 მარტს კოპენჰაგენის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე, CPH:DOX-ზე შედგება. ფილმი მონაწილეობს საკონკურსო სექციაში Next:Wave Competition.

„ლურჯი მოცვი“ მოგვითხრობს ზუგდიდში, დე ფაქტო საზღვართან  ახლოს მცხოვრებ ოჯახზე, რომელიც საოჯახო სასტუმროსა და ფერმას უძღვება.

„სითბოთი და დახვეწილი იუმორით გაჯერებული ფილმი ქართული ოჯახის წამოწყებაზე: მოაშენონ მოცვის პლანტაცია იქ, სადაც ისტორიული კონფლიქტი ჯერ კიდევ მძვინვარებს. ახალი ფილმი ძველი სამყაროდან, სადაც ოჯახის ორი ვაჟი განსხვავებულ მომავალზე ოცნებობს“ – ასე აფასებს კინოფესტივალი CPH:DOX ელენე მიქაბერიძის ნამუშევარს.


როგორც რეჟისორი აღნიშნავს, ფილმის გადაღება აფხაზმა ბიძაშვილებმა და ბავშვობამ შთააგონეს.

„ერთი ოჯახის მაგალითზე, თუ როგორ ცდილობენ ისინი მოცვის პლანტაციის გაშენებას ამ მყიფე მიწაზე, ვეცადე დამესვა ის კითხვები, რომლებიც წლების განმავლობაში დამებადა. ჩემი ფილმი იკვლევს იდენტობას, მოზარდობას და პოლიტიკას. ამბავი ასახავს, თუ როგორია იზრდებოდე არასტაბილურ ქვეყანაში და მაინც ოცნებობდე“, – ამბობს ელენე მიქაბერიძე.