პარლამენტში ინიციირებულია საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომელიც თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და საგადასახადო კოდექსში 2403 19 („დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე აქციზის გადასახადის 60-დან 30 ლარამდე შემცირებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.
კანონპროექტის მიხედვით, მისი მიზანია ადგილობრივი წარმოების დაცვა, არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირება, სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდა და ადგილობრივი გადამამუშავებელი ინდუსტრიის განვითარების სტიმულირება.
„საქართველოში მეთამბაქეობა ძირითადად გავრცელებულია მაღალმთიან აჭარაში, მარნეულსა და ლაგოდეხში. 2020 წლის მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში თამბაქო გაშენებული იყო 140 ჰა-ზე, მიღებულმა მოსავალმა შეადგინა 314 ტონა და მეთამბაქეობით დაკავებული იყო 1000-მდე საოჯახო მეურნეობა.
დარგის განვითარება დგას გარკვეული პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე, როგორიცაა გადამუშავების რთული და ძვირადღირებული ტექნოლოგია; კვალიფიციური კადრების და ლაბორატორიების არ არსებობა; არალეგალური სიგარეტის წილის ზრდა, რომლის ფასი უტოლდება დაფასოებული ე.წ. მოსაწევი თამბაქოს ფასს და აღნიშნულ პროდუქტს არაკონკურენტულს ხდის.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან, მას შემდეგ რაც საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების საფუძველზე გათანაბრდა უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი, მზარდი ტენდენციით ხასიათდება არალეგალური სიგარეტის იმპორტის მოცულობა. შესაბამისად, ადგილი აქვს გადასახადებისგან თავის არიდებას და სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად კარგავს საგადასახადო შემოსავლებს.
დარგის განვითარების სტიმულირებისთვის, კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის და არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირებისთვის საჭიროა პირველ რიგში ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედება, კერძოდ, ბაზრის გარკვეული სეგმენტისთვის გადასახადების შემცირება“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აქციზის შემცირების შედეგად მოსალოდნელია ბაზარზე არალეგალური პროდუქტის ლეგალურით ჩანაცვლება, დაფასოებული ე.წ. თუთუნის ღირებულების შემცირება და მეთამბაქეობის სექტორისთვის კონკურენციის პირობების შექმნა.
„კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2403 19 („დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორ და მწარმოებელ პირებზე და მათი ხარჯი შემცირდება 30 ლარით ყოველ კილოგრამზე. კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ასევე მომხმარებლებზე, რადგან აქციზის განაკვეთის შემცირების შედეგად შემცირდება დაფასოებული ე.წ. მოსაწევი თუთუნის ფასი და თამბაქოს ნედლეულისგან წარმოებული სიგარეტის ფასი“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
აქციზის განაკვეთის შემცირება გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირებას წლიურად 24 965 047.2 ლარით. კანონპროექტის ავტორების აზრით, შემოსავლების დანაკარგის კომპენსირება მოხდება არალეგალური სიგარეტის ლეგალურად ჩანაცვლებისა და ამის შედეგად გაზრდილი შემოსავლების ფონზე.
შედარებისთვის, ბოლო მონაცემებით, 2023 წელს თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2403 19 („დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის იმპორტის მოცულობამ შეადგინა 832 168.2 კგ, დარიცხული აქციზის ოდენობამ კი 49 930 094.40 ლარი.
მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
საგადასახადო კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთი ასეთია: