ონკოპაციენტები თამარ გაბუნიას გადადგომას მოითხოვენ

პუბლიკა

ონკოპაციენტები დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. ისინი მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას გადადგომას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, თამარ გაბუნია ამტკიცებს, რომ ქვეყანაში წამლების დეფიციტი არ არსებობს, თუმცა ქვეყანაში ონკოპაციენტი სწორედ წამლის არარსებობას ემსხვერპლა.

„როდესაც ადამიანი, ოფიციალური პირი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ წამლის დეფიციტი იხსნება და ამ განცხადებიდან ზუსტად ერთ კვირაში პაციენტი გვიკვდება ზუსტად ამ პრობლემის გამო… ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს, გაბუნიას გადადგომამდე”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ონკოპაციენტების თქმით, სახელმწიფო ისევ ვერ უზრუნველყოფს მედიკამენტების შემოტანას, რაც ონკოპაციენტების სამკურნალოდაა საჭირო. მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა, ახალ მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრაც.

როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, მოთხოვნების შესრულებას დაელოდებიან 8 აპრილამდე „თუ მოთხოვნები არ შესრულდება, გადავალთ 24-საათიან საპროტესტო რეჟიმში კანცელარიასთან”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.