ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსულ კანონზე განცხადებას ავრცელებს. წერს, რომ რუსული კანონი ქვეყნის განვითარებისთვის და ევროინტეგრაციისთვის არის ხელისშემშლელი.
ბუწაშვილის თქმით, მოქალაქეებმა არ უნდა დაიჯერონ ის, რომ აქ მხოლოდ დეკლარაციის შევსებაზეა საუბარი, რადგან დეკლარაცია და დაფინანსებები ისედაც საჯარო და გამჭვირვალეა.
„დღევანდელი სიტუაცია ახალ კანონთან დაკავშირებით სრულიად მკაფიოა. შარშან არგუმენტებით ვცდილობდი დასაბუთებას, რატომ არის ეს კანონი ქვეყნის განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის ხელის შემშლელი. ახლა ერთადერთი კითხვა მიბურღავს ტვინს – ვინც წერს, რომ უბრალოდ დეკლარაციის შევსებაზეა ლაპარაკი და რა პრობლემაა, მართლა ასეთი გულუბრყვილოა და სჯერა, რომ ყველაფერი მხოლოდ დეკლარაციის შევსებამდე დადის, თუ დემაგოგები არიან? რა ვიცი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ მაინც – მარტო დაფინანსების წყაროების ჩამოთვლას რაში ჭირდება უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი? შეიხედეთ არასამთავრობოების საიტებზე და დეტალურად არის ჩამოთვლილი დაფინანსების წყაროები.
სხვა მაგალითებს არ მოვიყვან, ეს ერთიც საკმარისია – მთავარი აგენტები ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრია, რომლებმაც უცხო ქვეყნის (აშშ) გავლენა გაატარეს 80 ათასზე მეტი ადამიანის C ჰეპატიტისგან განკურნების პროცესში და დღემდე აგრძელებენ ამ აგენტურულ საქმიანობას!”, – წერს ბუწაშვილი.
„ქართულმა ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.
მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.
რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.
პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.