იმ სუფრაზე მყოფი 97 პირიდან 76-ს უკვე დავუკავშირდით - ამირან გამყრელიძე

პუბლიკა

იმ სუფრაზე მყოფი 97 პირიდან 76-ს უკვე დავუკავშირდით – ამბობს tv პირველთან საუბრისას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

საუბარია წლისთავზე, სადაც მარნეულელი პაციენტი #54 იმყოფებოდა.

გამყრელიძის ინფორმაციით, ეს ადამიანები თვითიზოლაციაში არიან, და „ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს”.

„სადაც სიმპტომი გამოიკვეთება, იქ ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება”.  – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების იმგვარი შემთხვევა დადასტურდა, რომლის დროსაც ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სავარაუდოდ, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების – წლისთავის დროს.

ამის შემდეგ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონებად გამოცხადდა.

პაციენტი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში წევს. ექიმის თქმით, შუახნის ქალის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია, თუმცა მკურნალობის შედეგად ექიმები სასიცოცხლო პარამეტრებს ინარჩუნებენ.