პაციენტთან დიაგნოზი დაგვიანდა - ბუწაშვილი მარნეულიდან გადმოყვანილ ქალზე

პუბლიკა

ინფექციონისტმა ბაია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში იმ ხარვეზებზე ისაუბრა, რაც მარნეულიდან გადმოყვანილი კორონავირუსით დაინფიცირებული ქალის შემთხვევამ ცხადყო.

„თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ხარვეზებზე, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ პაციენტთან დიაგნოზი დაგვიანდა, რამაც მეტი რისკი შეუქმნა თუნდაც ჯანდაცვის მუშაკებს. ამიტომ ვლაპარაკობთ ტესტირების გაფართოების აუცილებლობაზე. უფრო სწრაფად რომ დასმულიყო ამ პაციენტში დიაგნოზი, შეიძლება მისი მართვაც უფრო სწორად წარმართულიყო, თუმცა ეს არ ვიცით. მე დეტალებიც არ ვიცი, როგორ მოხდა ამ პაციენტის მართვა და თვითონ პაციენტის ჯანმრთელობაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, თემცა, რა თქმა უნდა, ყველა დაავადებაზე უნივერსალური წესია – რაც ადრე იცი დიაგნოზი, მით უფრო სწორად მართავ, მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ რაც უფრო მალე გაირკვეოდა ამ ადამიანის დიაგნოზი, მით უფრო ნაკლები ადამიანი აღმოჩნდებოდა რისკის ქვეშ, მისგან ინფიცირების, მაგალითად, თუნდაც ჯანდაცვის მუშაკები.

მთავარი პრობლემა, მე თუ მკითხავთ, აქ ის არის, რომ მთელი კლინიკა აღმოჩნდა რისკის ჯგუფში. კლინიკა დაიკეტა, მაგრამ დიდხანს არ გვექნება ეს ფუფუნება, რომ, სადაც პაციენტი აღმოჩნდება, მთელი კლინიკები დაიკეტოს“, – ამბობს მაია ბუწაშვილი.

მარნეულში მცხოვრებ ქალს, რომელიც გუშინ გადმოიყვანეს თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, კორონავირუსი დაუდგინდა. ის მარნეულში ჯეო ჰოსპიტალში 18 მარტს  პნევმონიით შეიყვანეს. მალე მდგომარეობა დამძიმდა და  ავადმყოფი გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე. თავიდან ითქვა, რომ ქალთან შემხებლობაში მყოფი 86 კონტაქტი იყო იდენტიფიცირებული, დღეს კი, აკაკი ზოიძის განცხადებით, კონტაქტების წრე გაფართოვდა და 1700-მდე ავიდა.

ამ შემთხვევის გამოვლენის შემდეგ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში პრემიერმა მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააწესა. მუნიციპალიტეტებში შესვლასა და გამოსვლას პოლიცია და ჯარი აკონტროლებს.