"ქართული ოცნება" რუსთავის საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის იმპიჩმენტს იწყებს 

პუბლიკა

“ქართული ოცნება” რუსთავის საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის იმპიჩმენტს იწყებს. ნოდარ შეროზია გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის” წევრია. თანამდებობაზე ის 2022 წლის იანვარში აირჩიეს.

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება” აცხადებს, რომ „ამჟამინდელი საკრებულოს შემადგენლობა უკვე ორ წელზე მეტია, ჯეროვნად ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს” და იმპიჩმენტიც სწორედ ამიტომ წამოიწყეს.

კერძოდ, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით, „არაერთხელ ჰქონდა ადგილი საკრებულოს მხრიდან საბოტაჟის მცდელობას მუნიციპალიტეტის გამართული მუშაობის და შესაბამისად, ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობის წინააღმდეგ, რაც გამოიხატებოდა ბიუჯეტის დამტკიცების ხელისშეშლაში, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის უარყოფითად შეფასებაში, კონკრეტული პროექტების შეფერხებაში, მოქალაქეების პოზიციების გაუთვალისწინებლობაში და ა.შ”.

რუსთავის საკრებულოს „ქართული ოცნების” ფრაქცია ასევე აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და პარტიიდან გავიდა ფრაქციის ოთხი წევრი, „რაც კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, დავიწყოთ რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის თანამდებობებიდან გადაყენების პროცესი”.

„მიგვაჩნია, რომ არსებულ სიტუაციაში, როდესაც ჩვენი საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა ისედაც ყველა შანსს იყენებდა პოლიტიკური რევანშისთვის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ახლა მით უმეტეს არ აქვთ ერთიანი პოზიცია, დაშლილი ნაცმოძრაობის და გახარიას ფრაქციის იმედად ყოფნა ჩვენი ქალაქისთვის არის სრულიად გაუმართლებელი.

ამიტომ მივმართეთ კანონით ჩვენთვის მონიჭებულ უფლებას და ვიწყებთ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურას”. – ნათქვამია განცხადებაში.

იმავე აზრს იზიარებს რუსთავის მერი, მმართველი პარტიის წარმომადგენელი ნინო ლაცაბიძე.