გუშინ აქციაზე დაკავებული და ნაცემი ამერიკელი იურისტი, თეოდორ ჯონასი იხსენებს მისი დაკავების მომენტს და აღნიშნავს, რომ რობოკოპები მას უმოწყალოდ უსწორდებოდნენ, რის შედეგადაც აქვს დაბეჟილობები, დაზიანებები თავსა და თვალებზე.
„წუხელ 12:30 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების წინა ხაზიდან რობოკოპებმა გამიტაცეს. ეს იყო იმის შემდეგ, რაც მათ წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და გაზის ბომბი გაუშვეს. როგორც კი პოლიციელებმა უკან დაიხიეს და ხელახლა დაჯგუფდნენ წინა ხაზზე, დამაკავეს.
ტროტუარზე, დაახლოებით, 30 მეტრში გამათრიეს, რა დროსაც მცემდნენ და მირტყამდნენ. მათ ცემა და რტყმა გააგრძელეს მაშინაც, როცა ძირს ვეგდე და თავის დაცვას ვცდილობდი. ალბათ, 20-30 დარტყმა იყო – მქონდა სისხლდენა ცხვირიდან, ჩალურჯებები ცემისა და თავზე მუშტების რტყმისგან, მარჯვენა თვალზე და ოდნავ მარცხნივაც. სხვა ჩალურჯებები და სისხლჩაქცევები ზურგზე, იდაყვებზე, მუხლებზე…
დაახლოებით, 2 საათი გავატარე პოლიციის ბნელ მანქანაში, სადაც თავიდან მე და ორი ახალგაზრდა ბიჭი ვიყავით. 5 წუთის შემდეგ, კარი გაიღო და რობოკოპებმა ძალადობრივად შემოაგდეს კიდევ ერთი დაპატიმრებული. მანქანაში ყოფნის დროს პოლიციელები დროგამოშვებით კარს აღებდნენ და კართან ახლოს მყოფ ორ კონკრეტულ დაპატიმრებულს სცემდნენ…
[…] ერთი რამ მინდა ვთქვა: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მეც საქართველოს მოქალაქე ვარ – 30 წელი მოვანდომე დემოკრატიასა და კანონის უზენაესობის შენებას ამ ლამაზ, ისტორიულ ქვეყანაში. უფრო ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი, რომ არ დავეკავებინე. მაგრამ მთელი ღამის განმავლობაში, რასაც ვუყურებდი ცრემლმდენი გაზის გამოყენებასა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას, ჩემი ბრაზი ისევე გაიზარდა, როგორც მათი აგრესია და ველურობა. ეს ემსახურებოდა ქუჩების გაწმენდას, არა იმიტომ, რომ ხალხი მათ თავს ესხმოდა. იბრძოლეთ, მეგობრებო. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ცხვრები. რობოკოპები არიან ველურები, აბსოლუტურად უკონტროლო”, – წერს ის.