სუფთა ჰაერზე სეირნობა კარგია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად - იმნაძე

პუბლიკა

მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ სარეკრეაციო ზონებში ხალხმავლობის შესახებ განაცხადა, რომ სუფთა ჰაერზე სეირნობა ჯანმრთელობისთვის კარგია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად.

„გუშინ ვუსმენდი, ზოგიერთი ამბობდა, ჩვენ მეგობრებთან ერთად ვსერინობთ და უცხოებს არ ველაპარაკებითო. სამწუხაროდ, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება, რადგანაც, სხვათა შორის, დღეს რა შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში, ძირითადად ეს არის ან ოჯახური კლასტერები, ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები“, – განაცხადა იმნაძემ.

იმნაძე აცხადებს, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს არ უნდა ელაპარაკონ, თუმცა აუცილებელია ყველა ახლო კონტაქტის შემცირება მათ შორის ოჯახის წევრებთანაც და ახლო მეგობრებს შორისაც.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ უნდა დაველაპარაკოთ, მაგრამ მანძილს თუ დავიცავთ ძალიან კარგი იქნება. ღია სივრცეში ეს უნდა იყოს მინიმუმ მეტრნახევარი, დახურულ სივრცეში – მინიმუმ 2 მეტრი“, – აცხადებს პაატა იმნაძე.