ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, 44 წლის კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან გაწერილია.
„44 წლის პაციენტი მძიმე იყო ძალიან. აქ იყო მნიშვნელოვანი პნევმონია, ფილტვის საკმაოდ დიდი მოცულობა იყო მოცული პნევმონიით, დაზიანება იყო. ამ პაციენტთან ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან მართლაც რომ მძიმე იყო, გადავრჩით ყველანაირ გართულებას. ამჟამად გამოჯანმრთელებულია და გაწერილია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ „TV პირველთან“.
მისი თქმით, უმეტესობა პაციენტებისა, რომლებიც გაეწერნენ, გამოვლენილ შემთხვევათა პირველ ათეულში შედიან.
„ამ ვირუსის სიმძიმე იმითაც არის განპირობებული, რომ ხანგრძლივად არის ორგანიზმში. ყველგან ერთნაირად არ ხდება გამოჯანმრთელება. ზოგთან მე-15 ან მე-16 დღეს, ზოგთან უფრო გვიან. ვიცით უკვე, რომ 20-21 დღე, 3 კვირა პრაქტიკულად სჭირდება, თუ მეტი არა ამ ვირუსისგან გათავისუფლებას“, – განაცხდა ენდელაძემ.
stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 73-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 055 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 252.
გადადით ბმულზე, გახდით ჯგუფის წევრი და თვალი ადევნეთ გადამოწმებულ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ.