კორონავირუსის საფრთხის გამო ჩაკეტილ მარნეულისა და ბოლნისის მუნციპალიტეტებზე რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ამ დროისთვის საკარანტინო ადგილების მეოთხედიც არ არის შევსებული.
„მოწყობილი გვაქვს საველე ჰოსპიტალი, მარნეულში. მგონი, 150 კაცზე ორ სასტუმროსთან გვაქვს კონტრაქტი გაფორმებული, სადაც გვყავს ადამიანები, რომლებიც კარანტინში არიან. მეოთხედიც კი არ არის შევსებული, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის მოძიებული გვყავს არა მხოლოდ სასტუმროები, არამედ დამატებითი სივრცეები – სპორტდარბაზი და ა.შ., მომზადებულები ვართ ყველაზე ცუდი სცენარისთვის, თუმცა იმედიც გვაქვს და დარწმუნებულებიც ვართ, რომ ამ უარესი სცენარების თავიდან არიდებას შევძლებთ“, – განაცხადა სუბარმა.