გრეგორი კარასინის განცხადებით, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება და საქართველო „აფხაზ და ოს ძმებთან ერთად” ერთ ქვეყნად იცხოვრებს, „ფუჭი მსჯელობაა”.
ირაკლი კობახიძემ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე – 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი”.
რუსეთის საბჭოს მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, გრეგორი კარასინი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის მთავარი საკითხი ახლა „უცხო ქვეყნის აგენტების კანონის” მიღებაა.
„ვერავინ აუკრძალავს სპეკულირებას, თუ როგორ იცხოვრებს საქართველო 2030 წელს. მათ სურთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრება, ან შესაძლოა სხვა სახელმწიფოებთან – ეს მხოლოდ სპეკულაციაა. ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის უმთავრესი იმის მიღწევაა, რომ კანონში ასახული იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც დახმარებას უცხო ქვეყნის მთავრობები უწევენ და რომლებიც დაკავებული არიან პოლიტიკითა და ინფორმაციის გავრცელებით. ეს არის ის, საიდანაც უნდა ამოვიდეთ, სხვა ყველაფერი ფუჭი მსჯელობაა”, – თქვა გრეგორი კარასინმა.
მან ასევე ილაპარაკა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე და გაიმეორა ის, რასაც საქართველოს მმართველი პარტიის წევრები ამბობენ – „სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს დასავლური უმცირესობის პოზიციას, უფრო კონკრეტულად კი – ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების, იმისთვის, რომ დაამარცხონ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება”.