გასაძლიერებელია ინფექციის გამოვლენის ღონისძიებები ამბულატორიულ დონეზე – ბუწაშვილი

პუბლიკა

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, გაძლიერდეს კორონავირუსის ინფექციის გამოვლენის ღონისძიებები ამბულატორიულ დოენზე. მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს უკვე კორონავირუსზე ტესტირების კრიტერიუმი აღარ უნდა იყოს მოგზაურობის ისტორია და კონტაქტი ინფიცირებულთან, როგორც თავდაპირველად იყო.

„დღემდე კრიტერიუმი არის, რაც იყო თავდაპირველად – მოგზაურობის ისტორია და და კონტაქტი ინფიცირებულთან. ისევ ამ მეთოდით, ამ კრიტერიუმით არ უნდა ხდებოდეს ტესტირება….

ამდენ კარანტინს ვაკეთებთ, რაც ძალიან კარგია და ამდენი თანხა იხარჯება ამისთვის, მაგრამ შეიძლება, ნამდვილად ვინც გვყავს საკარანტინო, აქვს ინფექცია და დადის ჩვენს გარშემო, ისინი გვრჩებოდეს უყურადღებოდ და ისევ კრიტერიუმად გაქვს უცხოეთიდან შემოსვლა. ახლა უკვე ეს კრიტერიუმი საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში თანაბრად არსებობს ეს ინფექცია მეტ-ნაკლები ხარისხით. ჩვენი ქვეყნიდან გასულიც უკვე რისკის ჯგუფია სხვისთვის. ეს კრიტერიუმი უკვე საერთოდ უნდა მოიხსნას, აქტუალობა უკვე  დაკარგა ამ კრიტერიუმმა.

ახლა უნდა გადავერთოთ ამ ინფექციაზე, როგორც დაავადებაზე, რა თქმა უნდა, პარალელურად ეს ეპიდემიოლოგიური კონტროლი აუცილებელია. ამის გარეშე ვერავინ ვერ მართავს ამ ინფექციას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პარალელურად გასაძლიერებელია ინფექციის გამოვლენის ღონისძიებები ამბულატორიულ დონეზე, სტაციონარებში თავისთავად“, – ამბობს მაია ბუწაშვილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უკვე მნიშვნელოვანია ყველა ექიმს ჰქონდეს მკაფიოდ გაწერილი ალგორითმი თუ როგორ მოხდება სასუნთქი გზების ინფექციის სიმპრომების მქონე პაციენტების კორონავირუსზე ტესტირება.

stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 75-მდე გაიზარდა. 

კორონავირუსის გავრცელების სურათი კი საქართველოში ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 75
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 10
  • კარანტინის რეჟიმში – 4055
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252