ზოიძე სექტემბერში მოსალოდნელ პიკზე განცხადებას განმარტავს

პუბლიკა

სამედიცინო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ საზოგადოებრივი ურთიერთობების შემცირება კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური გზაა და მის გარეშე ნებისმიერი სხვა ღონისძიება, ეს იქნება სწრაფი ტესტები თუ ვირუსისგან დაცვის სხვა გზები, ეფექტური ვერ იქნება.

შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი შეკითხვაა,  საქართველოში დღეს უკვე გამოვლენილი შემთხვევებისა და არსებული მოცემულობის გათვალისწინებით,  როდის უნდა ველოდოთ პიკს, შემდეგ შემთხვევების კლებას და როდის დაიწყება დაწესებული შეზღუდვების შემცირება.

ბოლო დღეებში პიკთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. კაკი ზოიძემ „მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ ერთ-ერთი სცენარით პიკი შეიძლება იყოს სექტემბერში.

„პუბლიკა“ შეეცადა, გაერკვია, ვინ რით ხელმძღვანელობს პიკის პროგნოზირების დროს, რა სცენარები არსებობს და ამ სცენარების გათვალისწინებით მინიმუმ და მაქსიმუმ რა დროით მოუწევს მთავრობას შეზღუდვების შენარჩუნება. კაკი ზოიძემ სოციალურ ქსელში სექტემბერში პიკზე მისი განცხადება განმარტა.

მისი თქმით, ინფიცირებულთა ზრდის პიკის მაისიდან სექტემბერში გადაწევის შესაძლო სცენარი აღქმული იქნა როგორც პროგნოზი, რომ ჩვენ დღევანდელი მკაცრი იზოლაციისა და კარანტინის პირობებში სექტემბრამდე მოგვიწევს ცხოვრება.

„როგორც ვხედავ გარკვეული შეშფოთება გამოიწვია ჩემმა აღწერამ პროგნოზირების მათემატიკური მოდელისა, რომელიც გულისხმობს საზოგადოებაში ფიზიკური კონტაქტების 30%-ით შემცირების შემთხვევაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის პიკის მაისიდან სექტემბერში გადაწევის შესახებ. დაავადების განვითარების ეს შესაძლო სცენარი აღქმული იქნა როგორც პროგნოზი, რომ ჩვენ დღევანდელი მკაცრი იზოლაციისა და კარანტინის პირობებში  სექტემბრამდე მოგვიწევს ცხოვრება.

არ მომეცა გადაცემაში უფრო დეტალურად ახსნის საშუალება და ეხლა შევეცდები. დამერწმუნეთ, მეგობრებო სწორედაც რომ პირიქითაა, ანუ უკვე გატარებული ზომებით, ჩვენ თუ შევძელით უახლოეს ერთ თვეში შემთხვევების ზრდის შედარებით ნელი ტემპის შენარჩუნება, მას შემდეგ რაც დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი გადასცდება 100-ს, ჩვენ წესით უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა, განვიხილოთ აპრილის მეორე ნახევრიდან მთელ საზოგადოებაზე მიმართული გარკვეული ზომების (გადაადგილების და ბიზნესების შეზღუდვა) შერბილებაც კი“, – ამბობს კაკი ზოიძე და განმარტავს, რომ პიკის, ანუ ყოველკვირეული შემთხვევების მაქსიმუმის სექტემბერში გადაწევა ნიშნავს ამ პიკის “დაბრტყელებას”, ანუ შემთხვევების რაოდენობის 3-ჯერ შემცირებას და მათ გადანაწილებას დროის უფრო დიდ მონაკვეთზე, რომელიც არ დააწვება აუტანელ ტვირთად არც საზოგადოებას და არც ჯანდაცვის სისტემას.

„პუბლიკის“ შეკითხვაზე – როდის იქნება უფრო ზუსტად შესაძლებელი იმის გარკვევა, რომელი სცენარით ვითარდება ქვეყანაში ვირუსის გავრცელება და რამდენი ხანი მოგვიწევს ამ შეზღუდვების შენარჩუნება? – კაკი ზოიძემ გვიპასუხა.

„ერთ თვეში გამოჩნდება, მოსალოდნელია თუ არა, რომ ახალ კორონავირუსს ახასიათებდეს სეზონურობა, როგორც გრიპს და ზაფხულის განმავლობაში ვირუსის გავრცელება კლიმატური პირობების გამო შეწყდეს, ან მკვეთრად შემცირდეს. ამის შანსი საკმაოდ სოლიდურია (მე ვიტყოდი ორმოცდაათი ორმოაცდაათზე) და ბ) რომელი სცენარით მივდივართ და რამდენად დაიტვირთება ინფიცირებულთა ზრდის პიკის დროს ჯანდაცვის სისტემა. წესით, უკვე რა მკაცრ ზომებსაც ვატარებთ, უნდა გვქონდეს კეთილსაიმედო სცენარი და შესაბამისად მოხდეს ინფიცირებულთა რაოდენობის ნელი და დროში გავრცობილი ზრდა და არ გვქონდეს ციცაბო პიკი, რომელიც გადატვირთავს ჯანდაცვის სისტემას. ამ შემთხვევაში ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაცია შეიძლება გაგრძელდეს უარეს შემთხვევაში სექტემბრამდე (თუ როგროც უკვე ითქვა სეზონურობის გამო საერთოდ არ შეწყდა/შემცირდა მკვეთრად ივნის-ივლისში)”, – მისი თქმით, ეს სცენარი, როცა სექტემბრამდე შესაძლებელია გაგრძელდეს ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაცია, არ გულისხმობს  მკაცრი ფიზიკური დისტანცირებისა და კარანტინის ზომების გაგრძელებას.

“ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მაგალითების მიხედვით, ასეთი ზომები ან არ დაგვჭირდება ივნისის იქით, ან უკვე აზრი აღარ ექნება, თუ მანამდე არ მოგვცა ეფექტი.  მაგრამ ეს ყველაფერი გაცილებით ნათელი იქნება 20-30 დღეში, მანამადე ვერავინ მსოფლიოში უფრო ზუსტი პროგნოზის გაკეთებას ვერ შეძლებს“, – ამბობს კაკი ზოიძე და დასძენს.

„როცა ვამბობ ივნისს საკარანტინო ზომების ზღუდედ, ამაში იგულისხმება ისიც, რომ შეიძლება უფრო ადრეც დავიწყოთ მკაცრი ზომების შერბილება, თუ უკვე არსებულმა ზომებმა სასურველი შედეგები მოგვცა ფიზიკური კონტაქტების შემცირების კუთხით. ეს შეფასდება მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით“, – ამბობს კაკი ზოიძე.