გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ბავშვთა უფლებების დაცვის ვალდებულებები, რადგან დაუყოვნებლივ არ ჩაერია და არ მიიღო ზომები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებული, დახურული ტიპის ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვების მიმართ განხორციელებული ხშირი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის აღსაკვეთად.
დღეს, 27 ივნისს კომიტეტმა წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მცხოვრები 57 ბავშვის სახელით შეტანილ საჩივარზე გადაწყვეტილება გამოიტანა.
კომიტეტი აღნიშნავს, რომ ბავშვები საჩივრის შეტანის დროისთვის პანსიონში ცხოვრობდნენ.
მომჩივანი 57 ბავშვის საქმიდან, მ.ლ. და ლ.კ.-ს შემთხვევებში გამოვლინდა ძალადობა და არასათანადო მოპყრობა. 2008 წელს დაბადებული მ.ლ. სამი წლიდან ცამეტი წლის ასაკამდე, ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში იყო განთავსებული, სადაც უნებლიე შარდვის გამო მკაცრი სასჯელებით იტანჯებოდა.
გაეროს კომიტეტი წერს, რომ აღმზრდელები უფროს ბავშვებს ხშირად ავალებდნენ, მ.ლ და სხვა ბავშვები ჯოხების ან ხელების დარტყმით „გამოესწორებინათ“.
11 წლის ასაკში ის ასევე იძულებით იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს.
მეორე ბავშვი, ლ.კ, დაბადებული 2003 წელს, ასევე დადგა მსგავსი სირთულეების წინაშე.
მათ შორის აღსანიშნავია არასაკმარისი საკვები, არასათანადო ჰიგიენა და გადაადგილების შეზღუდვა. მისი ძმაც, რომელიც იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, განიცდიდა უყურადღებობასა და შეურაცხყოფას.
„ბავშვებს, რომლებიც მოკლებულნი არიან ოჯახურ გარემოს, უფლება აქვთ, მიიღონ სპეციალური დაცვა და დახმარება სახელმწიფოსგან, რომელიც მათი მზრუნველია“, – განაცხადა კომიტეტის წევრმა ბენუა ვან კირსბილკმა და დასძინა, რომ შესაბამისად, საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია იმაზე, რაც ბავშვთა პანსიონის ან სხვა მსგავსი დაწესებულების დახურულ კარს მიღმა მოხდა.
კომიტეტი წერს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებაა.
მის დასკვნაში ნახსენებია სახალხო დამცველის აპარატის 2015 წლის ანგარიში, რომელშიც მითითებული იყო ბავშვებს შორის ხშირი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის, ბულინგის, ასევე აღმზრდელების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური დასჯის ფაქტები, ისეთი ფორმებით როგორიცაა მეტანიის კეთება, საკვების გარეშე დატოვება, ჩაკეტვა და იძულებითი ხოხვა.
მიუხედავად ამისა, 2016 წელს „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ, პანსიონს სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია მიენიჭა.
კომიტეტი იშველიებს სახალხო დამცველის 2018 წლის განმეორებით ანგარიშსაც, რომელშიც ხაზგასმული იყო პანსიონში არსებული სისტემური პრობლემები და ზედამხედველობისა და ბავშვთა ზრუნვის გაუმჯობესების გადაუდებელი აუცილებლობა.
2020 წლის ივნისიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატს უარს ეუბნებოდნენ პანსიონში შესვლაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო პანსიონში განთავსებულ ბავშვთა მდგომარეობის მონიტორინგი, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის,“ ჯერ თბილისის სხვადასხვა სასამართლოებს, ხოლო საბოლოოდ 2021 წლის მაისში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტს საჩივრით მიმართა.
გაეროს კომიტეტი წერს, რომ დაუყოვნებლივ გამოსცა დროებითი ღონისძიება 57 ბავშვის სასარგებლოდ და მოითხოვა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთა პანსიონში დაშვება მონიტორინგის განხორციელების მიზნით.
კომიტეტის თანახმად, ერთი თვის შემდგომ, სახალხო დამცველის აპარატს მიეცა შესაძლებლობა, შესულიყო პანსიონში და განეხორციელებინა ყოვლისმომცველი შეფასება, რის შედეგადაც 27 ბავშვი ალტერნატიული ზრუნვის ფორმაში გადაიყვანეს.
2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მიუხედავად იმისა რომ გადაუჭრელი რჩებოდა წამოჭრილი პრობლემები, 15 ბავშვი, მათ შორის ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, კვლავ ცხოვრობდა პანსიონში.
საჩივრის განხილვის შედეგად, კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ დაიცვა ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის პანსიონში განთავსებული, ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, მათ შორის ზოგიერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ძალადობისა და შეურაცხყოფისგან და ამით დაარღვია ბავშვის უფლებათა კონვენციით აღებული ვალდებულებები.
კომიტეტმა საქართველოს მოსთხოვა უზრუნველყოს ეფექტური ღონისძიებების გატარება მსხვერპლი ბავშვების დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით. ღონისძიებებს შორის კომიტეტმა მიუთითა ადეკვატური კომპენსაციის გაცემა და რეაბილიტაცია, ბოდიშის საჯაროდ მოხდა, სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფთა მდგომარეობის ხელახალი შეფასება, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება და პასუხისმგებელი პირების დასჯა.
კომიტეტი მიუთითებს, რომ რეპარაციული ღონისძიებები კოორდინირებული უნდა იყოს მსხვერპლ ბავშვებთან, მათი შეხედულებების გათვალისწინების მიზნით.
„ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ იმ სიტუაციით, რასაც ოჯახურ გარემოს მოკლებული ეს ბავშვები უმკლავდებოდნენ, ზოგიერთი ძალიან მცირე ასაკიდან და მთელი ბავშვობის მანძილზე. მოპყრობას, რომელსაც ისინი დაექვემდებარნენ, მათ განვითარებაზე გავლენა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ექნება. იმ ინსტიტუციების რეგულარული და დამოუკიდებელი მონიტორინგი, სადაც ბავშვები ცხოვრობენ, არსებითია მოპყრობისა და საცხოვრებელი პირობების ბავშვთა უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად და მსგავსი დარღვევების მომავალში თავიდან ასაცილებლად”. – განაცხადა ვან კეირსბილკმა.