„ჩვენ რომ კომერციული ინტერესებით მოქალაქეებს ვუთხრათ, მიდით, გადაიხადეთ გარკვეული თანხა და მიიღეთ პასუხი კორონავირუსზე, არ იქნება სწორი მიდგომა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კორონავირუსის ტესტების კომერციალიზაციასთან დაკავშირებით.
გაბუნიას თქმით, ეპიდემიის პირობებში ტესტების კომერციალიზაცია არაეთიკური იქნება და კერძო ლაბორატორიების ჩართვის მიუხედავად, ვირუსთან ბრძოლაში ყველა ხარჯი სახელმწიფომ უნდა გაიღოს.
„საგანგებო მდგომარეობა რომც არ იყოს, ეპიდემიოლოგიური პასუხი არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტი და ამ შემთხვევაში კომერციული გადასახადის დაწესება რომელიმე კომპონენტზე უბრალოდ არ არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით ეთიკური პრაქტიკა. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო იღებს თავზე ყველა ხარჯს, რომელიც დგება კონკრეტული ეპიდემიის პასუხისთვის.
ჯერჯერობით, ეს ერთმნიშვნელოვნად სრულად უნდა დაფინანსდეს სახელმწიფოს მხრიდან. ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს კერძო მიმწოდებლების მონაწილეობას. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ კერძო ლაბორატორიები და კლინიკები იქნებიან მომარაგებულები იმ საშუალებებით, რაც მათ დასჭირდებათ დიაგნოსტიკისა და ინფექციური კონტროლის გამკაცრებისთვის“, – თქვა თამარ გაბუნიამ „ტვ პირველის“ ეთერში.
მინისტრის მოადგილის თქმით, სახელმწიფოს მიერ მთლიანი პროცესის წარმართვა ეთიკურობასთან ერთად უკეთესი იქნება პროცესზე ხარისხის კონტროლისა და ტესტების შემდგომი მოქმედებების დასაგეგმადაც.
„ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთიანი ცენტრალიზებული ჩარჩო როგორც ხარისხის კონტროლის, ასევე პასუხების ინტერპრეტაციისა და შემდეგი ქმედებისთვის, რომელიც უნდა ჯდებოდეს ერთიანი მართვის პროტოკოლში.
ამდენად, მიმწოდებლები რომ დღეს ტესტებს გვთავაზობენ კარგია, რადგან სახელმწიფო დაინტერესებულია მათი შეძენით და ქსელში გავრცელებით, მაგრამ ასე ინდივიდუალურ საფუძველზე, კომერციულად ტესტების ჩატარება გამართლებული პრაქტიკა არ მგონია“, – თქვა თამარ გაბუნიამ.