როგორ აისახება აგენტების კანონი კინოინდუსტრიაზე
უკვე წელიწადზე მეტია, ქართული კინოს სექტორის წარმომადგენელთა უმრავლესობა ბოიკოტის რეჟიმშია და ყოველგვარი თანამშრომლობა შეწყვეტილი აქვს როგორც კინოცენტრთან, ისე კულტურის სამინისტროსთან.
კინოს სფერო მუზეუმების შემდეგ ერთ–ერთი პირველი იყო, სადაც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ რადიკალური ცვლილებები და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები განხორციელდა.
2022 წლის მარტში კინოცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს გაგა ჩხეიძე, რომელიც ამ პოზიციას ორი წლის განმავლობაში იკავებდა. ის კინოცენტრს წლების წინაც ხელმძღვანელობდა და პარალელურად, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ–ერთი დამფუძნებელი და დირექტორიცაა. ჩხეიძის გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად კულტურის სამინისტრომ ფინანსური გადაცდომები დაასახელა, თუმცა ამის საფუძვლიანი მტკიცებულებები დღემდე არ არსებობს.
როგორც თავად გაგა ჩხეიძე აცხადებდა, ეს გადაწყვეტილება მისი მხრიდან სამინისტროს საჯარო კრიტიკას უკავშირდებოდა და მიზანი კინოცენტრის სამთავრობო პოლიტიკის ზეგავლენის ქვეშ მოქცევა იყო. მისი თქმით, მანამდე წულუკიანი ნებისმიერი ტელეგამოსვლის მასთან შეთანხმებას მოითხოვდა და რამდენჯერმე დაბლოკა კიდეც კინოცენტრის დირექტორის სტუმრობა ტელეგადაცემებში.
გარდა ამისა, სამინისტრო კინოცენტრის საქმიანობასა და ფილმების დაფინანსების საკითხში ჩარევასაც ცდილობდა, რაც მიუღებელი იყო ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის.
იმავე წლის აპრილში საქართველოს კინოაკადემიამ გააუქმა სალომე ჯაშის ფილმის, „მოთვინიერების“ დაგეგმილი ჩვენებები კინოს სახლში. ფილმი ბიძინა ივანიშვილის მიერ გიგანტური ხეების სხვადასხვა ადგილიდან დენდროლოგიურ პარკში გადატანის ამბავს ასახავს.
კინოაკადემიის დირექტორის, მინდია ესაძეს თქმით, ორგანიზაციისთვის მიუღებელი იყო, ეჩვენებინათ „ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს“.
კინოცენტრის რეორგანიზაციას დაახლოებით წელიწადი დასჭირდა და საბოლოოდ უწყებაში სამთავრობო პარტაქტივის წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები მოვიდნენ. მინისტრმა ცენტრის ხელმძღვანელად დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი თანამშრომელი კობა ხუბუნაია დანიშნა.
სამსახურიდან გაათავისუფლეს ყოფილი დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილიც. ამის შემდეგ პროტესტის ნიშნად კინოცენტრი რამდენიმე თანამშრომელმა თავად დატოვა, მათ შორის ისეთებმაც, იქ დიდი ხანი რომ მუშაობდნენ და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტაქტები და გამოცდილება ჰქონდათ.
მინისტრსა და კინოცენტრის ახალ დირექციასთან შეხვედრის რამდენიმე მცდელობისა და წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლების დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, საერთოდ გაეწყვიტა კავშირი როგორც კინოცენტრთან, ისე სამინისტროსთან და ბოიკოტის რეჟიმში გადასულიყო.
2023 წლის 12 ივნისს კინემატოგრაფისტებმა განცხადება გაავრცელეს მოთხოვნით, რომ კინოცენტრის დირექტორი გამჭვირვალე და საჯარო პროცესით ყოფილიყო არჩეული სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ დანიშნულიყო მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. სხვა შემთხვევაში ისინი არ ითანამშრომლებდნენ ამ ორგანიზაციასთან. საბოლოო ჯამში, განცხადებას კინოში მომუშავე 500-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი და რადგან სამინისტროს მხრიდან არაფერი არ შეცვლილა, დღეს იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც ბოლო ათწლეულების ქართულ კინოს წარმოადგენს, ბოიკოტშია.
ეს პრობლემას ქმნის იმ კუთხითაც, რომ როცა პროდიუსერი საერთაშორისო დაფინანსების მოპოვებას ცდილობს, ფონდებისთვის მნიშვნელოვანია, მანამდე პროექტს საკუთარი ქვეყნის კინოცენტრიდან ჰქონდეს გარკვეული, თუნდაც მინიმალური ფინანსური მხარდაჭერა.
სფეროში არსებულ ისედაც მძიმე და კრიტიკულ ვითარებას ახლა კიდევ ერთი დიდი პრობლემა დაემატა. რუსული კანონი კულტურის სხვადასხვა სფეროსთან ერთად კინოსაც შეეხება. უპირველეს ყოვლისა ეს იქნება ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებას აწყობენ და აქტივობებით არიან დაკავებულები: ფესტივალები, კინემატოგრაფისტთა გაერთიანებები, პროფკავშირები თუ სხვა მსგავსი ორგანიზაციები.
რუსული კანონი შეეხება, ასევე, პატარა კინოსტუდიებს, რომლებიც არ არიან შპს–ები და არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსი აქვთ. გასული წლიდან კინოცენტრმა და კულტურის სამინისტრომ შეამცირა ან საერთოდ უარი თქვა რამდენიმე კინოფესტივალის დაფინანსებაზე, მათ შორისაა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, წლის მთავარი კინომოვლენა ქვეყანაში, რომელიც უკვე 24 წელია ტარდება.
წელს ფესტივალისთვის ამ უწყებებიდან საერთოდ არ გამოუყვიათ თანხა. როგორც შარშან, ასევე წელსაც არ ექნება მხარდაჭერა ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალს და ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს. შესაბამისად, ორგანიზატორებს მოუწევთ ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიება, რაც ხშირად სწორედ უცხოურ ფონდებთან თანამშრომლობას გულისხმობს, რადგან საქართველოში არაკომერციული ხელოვნების დაფინანსებით არც ბიზნესი გამოირჩევა. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციებს პირდაპირ შეეხებათ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი.
„პუბლიკა“ ესაუბრა კინოს სფეროში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ხედვას და მოლოდინს გვიზიარებენ როგორც კანონთან მიმართებით, ისე ბოლო დროს ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე.
გაგა ჩხეიძე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი, კინოცენტრის ყოფილი დირექტორი.
კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე“, რომელიც თბილისის კინოფესტივალს ატარებს, 2001 წელს დაარსდა და ის არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, ჩვენ ეს კანონი პირდაპირ გვეხება, რადგან 2023 წლის მონაცემებით, შემოსავლების 45 პროცენტი სწორედ უცხოური ორგანიზაციებიდან წამოვიდა.
ესენი არიან საელჩოები, კულტურის ინსტიტუციები, ფონდები და ა.შ. მოგებული გვაქვს ასევე ევროკავშირის გრანტი – პროგრამიდან „შემოქმედებითი ევროპა“, რომლის საშუალებითაც წელს ვიძენთ ფილმების ლიცენზიებს. ეს დაფინანსებები რომ არ ყოფილიყო, ძალიან გაუჭირდებოდა ფესტივალს. უცხოური დაფინანსების პროცენტულობის ზრდა შარშან იმან გამოიწვია, რომ კულტურის სამინისტრომ თბილისის კინოფესტივალი არ დააფინანსა, უარი თქვა ქვეყანაში ყველაზე დიდი კინოფესტივალის მხარდაჭერაზე. კინოცენტრს დღემდე აქვს ჩვენი ფესტივალის ვალი, მაგრამ ჯიუტად არ იხდის. ხელშეკრულებით აქვთ ამის ვალდებულება, მაგრამ წერილებზეც არ გვპასუხობენ. სამინისტროს სიაში ვერც წელს მოხვდა ფესტივალი, ამიტომ ამჯერადაც მოგვიწევს უცხოური ფინანსების მოძიება, რაც 20 პროცენტზე ბევრად მეტი იქნება.
რა თქმა უნდა, არავის სურს უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირება საქართველოში. გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ თუ არ დავრეგისტრირდებით, მოგვიწევს, ჯარიმა გადავიხადოთ, რაც ჩვენი ორგანიზაციისთვის დამღუპველი იქნება. ეს არ არის მდიდარი ორგანიზაცია და რაც შემოდის, ის თანხა პირდაპირ ხმარდება ფესტივალს. მაგალითად თანხა, რომელიც ალბათ თბილისის მერიიდან შემოვა და ეს ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურაა, რომელიც ჯერჯერობით გვაფინანსებს, წავა ჯარიმებში.
გარდა იმისა, რომ აგენტად დარეგისტრირება არავის სურს, ამ კანონს ძალიან ბევრი უარყოფითი მხარე აქვს. მაგალითად, აქ არის პირადი მონაცემების გავრცელება/გამოყენების საკითხი. სახელმწიფომ შეიძლება მოგთხოვოს ხელშეკრულებები, მონაცემები, იმ ხალხისა, ვინც იმუშავა კინოფესტივალზე. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში სამომავლოდ ძალიან გაძნელდება თანამშრომლების მოზიდვა, როდესაც მათი პირადი მონაცემები ღია იქნება ყველასთვის. ცალკე ამბავია ის, რომ ვერაფერს გაასაჩივრებ. გასაჩივრების მექანიზმი საერთოდ არ დევს კანონში, პირდაპირ მიგაწებებენ ამ იარლიყს და უნდა იარო ასე.
არსებობს საფრთხე, რომ სხვა ორგანიზაციებს, იმავე კერძო სპონსორებს, რომლებიც აქამდე გვყავდა ხოლმე, აღარ მოუნდეთ ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომელთაც სახელმწიფო მტრად მიიჩნევს. რაც შეეხება ფონდებს, კულტურის სფეროში შესაძლოა უცებ და რადიკალურად არ შეიცვალოს სიტუაცია დაფინანსების მხრივ, მაგრამ თანდათან აქაც შეიძლება ბევრმა შეიკავოს თავი ისეთი ორგანიზაციის მხარდაჭერისგან, რომელსაც პრობლემები აქვს თავის ქვეყანაში. მომავალში ეს დიდ ბარიერებს შექმნის, ეს დამოუკიდებელი არსებობის, მოქმედების შეზღუდვაა.
ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, რამხელა უარყოფითი დარტყმა მიადგება სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც არა მხოლოდ პოლიტიკურია, არამედ სოციალურ, კულტურულ და სხვა პროექტებსაც ახორციელებენ. ყველა სფეროში გვაქვს ფინანსების დეფიციტი და ვერსად ვუმკლავდებით იმ სოციალურ გამოწვევებს, რაც ჩვენს ქვეყანაშია.
კულტურის სფეროში დაფინანსება ისედაც ძალიან მცირეა. ამ დროს მაგალითად კინოფესტივალზე უამრავი ადამიანი მუშაობს: კინომცოდნეები, ტექნიკური პერსონალი და ა.შ. დაახლოებით 100 კაცს ვასაქმებთ ყოველწლიურად სხვადასხვა ხანგრძლივობით. ხელოვნების ის მიმართულებები, რომლებიც ნაკლებად კომერციულია, აუცილებლად საჭიროებს სახელმწიფოს ან სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებას. ამის გარეშე ევროპაში კულტურა არ არსებობს. კულტურის შექმნას სჭირდება სახელმწიფოს დახმარება, სხვადასხვა ეტაპზე, იქნება ეს განათლება, კვალიფიკაციის ამაღლება თუ ხელოვნების ნაწარმოების შექმნა.
განსაკუთრებით რთულია კინონაწარმოების შექმნა, რადგან ეს ძვირადღირებული პროცესია და მასში უამრავი სხვადასხვა პროფესიის ხალხია ჩართული. რადგან სახელმწიფომ გადაწყვიტა კინოწარმოების დახმარება 25 წლის წინ და მიიღო კანონი ამის შესახებ, ჩვენ უნდა აღვასრულოთ ის. კინოცენტრი ვალდებულია, დააფინანსოს და მხარი დაუჭიროს კინოწარმოებას, კინოფესტივალებს, მაგრამ კინოცენტრი დღეს აღარ ასრულებს თავის ფუნქციას. მან საერთოდ დაკარგა დამოუკიდებლობა და მთლიანად კულტურის სამინისტროს მორჩილი ინსტიტუცია გახდა. კინოცენტრში მუშაობენ სამთავრობო პოლიტიკის პროპაგანდისტები და ისინი განსაზღვრავენ კინოს პოლიტიკას. კინოცენტრი დღეს მხოლოდ ვიწრო წრისთვის მუშაობს, სამინისტროში ყვავის ფავორიტიზმი და ნეპოტიზმი. კულტურის სამინისტრო არ ცნობს კინემატოგრაფისტებს, რომლებიც არ არიან ლოიალურები სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ და არ არიან სამთავრობო იდეების, ლოზუნგებისა თუ მოწოდებების პროპაგანდისტები.
ამიტომ აირჩიეს კინემატოგრაფისტებმა, ბოიკოტის გზა და საერთოდ არ მიიღონ მონაწილეობა არანაირ პროექტსა და კონკურსში, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მცირე თანხაც, რომელსაც გამოყოფს ხოლმე კინოცენტრი ფილმების დასაფინანსებლად. პრობლემურია ასევე ის ახალი კანონები, რომელთა მიღებასაც პარლამენტი გეგმავს. ესეც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს,ზოგადად, რა თემები შეიძლება განიხილებოდეს, რა იქნება აკრძალული და ა.შ. მივდივართ იქამდე, რაც ირანში ხდება, რომ გარკვეული სცენები ამოიჭრას ან დაიფაროს, დაიბლაროს ეკრანზე იმისთვის, რომ რაღაც სრულიად გაუგებარი პრინციპები იყოს დაცული. ჯერჯერობით, გაურკვეველია, რა ფორმით მოხდება ეს აკრძალვა თუ მონიტორინგი. ალბათ, საჭირო იქნება სპეციალური შტატის დაშვება, როგორც ადრე იყო ხოლმე კინოსტუდიებში ან ტელევიზიებში, როცა „მთავლიტი“ არსებობდა და როცა ყველა ტექსტი და მასალა უნდა ყოფილიყო განხილული და ბეჭედდასმული, რომ არაფერი ანტისაბჭოთა ან მორალის საწინააღმდეგო არ იყო.
ცენზურა მხოლოდ პირდაპირი აკრძალვა არაა, მას სხვადასხვა ბერკეტი აქვს. მაგალითად, სალომე ჯაშის ფილმის შემთხვევაში კულტურის მინისტრის უარყოფითი კომენტარების შემდეგ კინოაკადემიამ ფილმი ჩვენება გააუქმა, არადა, მაშინდელი კინოაკადემიის პრეზიდენტი ევროპის კინოაკადემიის წევრია და მან მოხსნა ფილმი, რომელიც ევროპის კინოაკადემიის ნომინანტებში იყო იმ წელს.
ეს ყველაფერი ერთი პოლიტიკის ნაწილია. ეს არის სახელმწიფოს კურსის ცვლილება და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. ჩვენი გადასაწყვეტია, ახალი რკინის ფარდის რომელ მხარეს გვინდა ყოფნა – რუსეთის, ჩინეთის, ჩრდილო კორეის, ყირგიზეთის თუ დემოკრატიული სახელმწიფოების. აქ არ არის საქმე ცივილიზაციაში და არც იმაში, ვის რა კულტურა აქვს. არც ევროპაშია საქმე- იაპონია აზიაა, მაგრამ უაღრესად დემოკრატიული ქვეყანაა, ასევე – სამხრეთ კორეაც. იმედი მაქვს, არჩევნებზე გავიმარჯვებთ და დემოკრატია დაამარცხებს ავტოკრატიას, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებშიც.
სალომე ჯაში – დოკუმენტური კინოს რეჟისორი, დოკუმენტური კინოს ასოციაცია Doca-ს ერთ–ერთი დამფუძნებელი.
„Doca“ წლინახევრის წინ დავაფუძნეთ, როგორც პასუხი იმ კრიზისზე, რომელიც კინოს სექტორში შეიქმნა დაფინანსების მიმართულებით. ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ კინოცენტრი ძალიან პოლიტიზებული და პარტიული გახდა და უკვე ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტებისთვის. ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა საწევროზე დაფუძნებული ასოციაცია, რომლის საშუალებითაც შევეცდებოდით, გადაგვერჩინა დოკუმენტური კინოს ინდუსტრია.
ბოლო წლების განმავლობაში დოკუმენტურმა კინომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია საერთაშორისო დონეზე და მნიშვნელოვანი იყო, ეს წარმატება და წინსვლა შეგვენარჩუნებინა. ასოციაციის მთავარი ამოცანაა, დაიცვას თავისი წევრების პროფესიული ინტერესები და კინო მიიტანოს აუდიტორიამდე. ასევე, გარკვეულწილად მონაწილეობდეს სოციალურ ცვლილებებში. ჩვენ გვაქვს ყოველკვირეული კინოკლუბი – კინოთეატრ „ამირანში“ ვაჩვენებთ დამოუკიდებელ, შემოქმედებით დოკუმენტურ ფილმებს; ვიზიდავთ თანხებს, რათა შემდეგ გავცეთ ეს თანხები დოკუმენტური კინოს წარმოებისთვის; ვაწყობთ დისკუსიებს, საგანმანათლებლო ინდუსტრიულ საუბრებს, რომლითაც ხდება ინფორმაციისა და ცოდნის გაცვლა. გარდა ამისა, წარმოვადგენთ ქართულ დოკუმენტურ კინოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე.
ჩვენი დაფინანსების ძირითადი ნაწილი საზღვარგარეთიდან მოდის. უფრო მეტად ეს არის ევროპული ფონდები; არის, ასევე, ამერიკული ფონდიც. ვცდილობთ, ისეთ ორგანიზაციებთან ვითანამშრომლოთ, რომელთაც აინტერესებთ დემოკრატიის განვითარება, გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობა და ა.შ. საქართველოში მსგავსი ტიპის მხარდამჭერი, რომელიც მერე რაღაცას არ მოგთხოვს სანაცვლოდ, პრაქტიკულად, არ არსებობს, არც კერძო და არც ფონდი. საჯარო დაფინანსება აქ არ არსებობს.
შარშან ეს ასოციაცია იმისთვის შევქმენით, რომ დოკუმენტური კინო გადარჩენილიყო, ახლა გვიწევს იმაზე ფიქრი, როგორ გადავარჩინოთ საერთოდ ორგანიზაცია. იმდენად დამაზიანებელია ეს ახალი კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომ კინოზეც აღარ არის ლაპარაკი, მართლა ყოფნა–არყოფნის საკითხი დგება, საერთოდ ჩვენ ადამიანები, როგორც მოაზროვნე არსებები, ვიქნებით, თუ არა, ქვეყანა იარსებებს თუ არა, ამაზეა უკვე საუბარი. ზიანი, რომელიც ამ კანონს მოაქვს, კატასტროფულია, როგორც კინოს, ისე ხელოვნების სხვა დარგების, მედიის, არაკომერციული სექტორისთვის. ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომელიც ღირებულებებზეა დაფუძნებული და არა კომერციულ მოგებაზე.
კინოს რამდენიმე მიმართულებით შეექმნება პრობლემა: ზოგიერთი კინოკომპანია, რომელიც ფილმებს აწარმოებს, არაკომერციული იურიდიული პირია. მათი დაფინანსების უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთიდან მოდის, რადგან საქართველოში ამის საკმარისი რესურსი არ არის. შედეგად, მათ მიერ შექმნილი ქართული ფილმი ავტომატურად გახდება უცხოური ინტერესის გამტარი. ასევე ფესტივალები, საგანმანათლებლო ორგანიზაციები, პროფესიული გაერთიანებები, პროფკავშირები თუ ასოციაციები, ჩვენ ყველანი გავხდებით უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარი აგენტები, რაც ისეთი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია, რომ არც კი ვიცი, რა ვთქვა. მე პირადად ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვმუშაობ იმისთვის, რომ გავაძლიერო დოკუმენტური კინოს ასოციაცია. გამოვიყენო ჩემი ცოდნა და პროფესიული კავშირები და მივმართო ეს ჩვენი სფეროს გასაძლიერებლად საქართველოში. როგორ არის ეს უცხოური ძალის ინტერესის გატარება, არ მესმის, მსგავსი იარლიყის მოწებება ძალიან არასამართლიანია. ჩვენი ორგანიზაციის მთავარი ამოცანა ქართველი კინოდოკუმენტალისტების გაძლიერება და ქართველ მაყურებლამდე დოკუმენტური კინოს მიტანაა, ამიტომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარად დარეგისტრირება ჩვენთვის ძალიან დიდი შეურაცხყოფაა და უსამართლობა. ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება. წარმოუდგენლად მიმაჩნია ეს.
დაახლოებით 15 წელია, ამ სფეროში ვმუშაობ. იმ დროიდან, როცა დამოუკიდებელი ქართული კინო, განსაკუთრებით დოკუმენტური, პირველ ნაბიჯებს დგამდა. მაშინ აქ ძალიან მწირი იყო დოკუმენტური კინოს წარმოების ცოდნა და გამოცდილება. მე და ჩემმა კოლეგებმა ნაბიჯ–ნაბიჯ, აგურ–აგურ შევქმენით ეს ინდუსტრია, კინოცენტრთან ერთად. ეს იყო ურთიერთკავშირით განვითარებული ინდუსტრია. ვერ ვიტყვი, რომ მისგან დიდი ფინანსური მხარდაჭერა მოდიოდა, მაგრამ ეს იყო ინსტიტუცია, რომლის გარეშეც შეუძლებელი იყო საერთაშორისო დონის ფილმის წარმოება. ყველა ერთმანეთს ვეხმარებოდით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გინდა, რომ სექტორმა წარმატებას მიაღწიოს. ორი წლის წინ დაიწყო ამ ქვაკუთხედის ხელიდან გამოცლა დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტებისთვის და მოხდა ამ ინსტიტუციის უზურპაცია. არჩევნების შემდეგ თუ ეს კანონი დარჩა ისე, როგორც არის და თუ ეს ხელისუფლებაც დარჩა, ამას მოჰყვება რეპრესიების დიდი ტალღა და როგორც კინოს სფეროში მომუშავე ძალიან ბევრი ადამიანის, ისე ჩვენი ორგანიზაციისთვის შეუძლებელი იქნება მუშაობის გაგრძელება. ეს შეიძლება იყოს შემოქმედების დასასრული საქართველოში.
ზვიად ელიზიანი – ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალის მენეჯერი
ბათუმის კინოფესტივალს მართავს ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, რომელიც არასამეწარმეო იურიდიული პირია. წინა წლებში, როცა ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობა უჭერდა ფესტივალს მხარს, უცხოური ფონდების მხარდაჭერა დიდი არ იყო, რადგან ფესტივალი ისედაც არაა მასშტაბური და მსხვილბიუჯეტიანი. თუმცა ბოლო წლებში დაფინანსება ძალიან შემცირდა. 2022-ში საერთოდ არ მიგვიღია თანხა არც ცენტრალური მთავრობიდან და არც რეგიონულიდან. მაშინ ეს იყო ერთადერთი კინოფესტივალი, რომელსაც არ მისცეს დაფინანსება, თუმცა მცირე მასშტაბით მაინც გავმართეთ ფანდრაიზინგ კამპანიის დახმარებით. შარშან მინიმალური მხარდაჭერა გვქონდა ცენტრალური მთავრობიდან, რეგიონულიდან – ისევ არანაირი და ამ მინიმალური ფინანსებით შევძელით ჩატარება. ამიტომ, ბევრი სტუმარი არც შარშან გვყოლია. წელს ჯერ ისევ გაურკვეველია, რა იქნება, რადგან არცერთისგან არ გვაქვს მხარდაჭერა. მერიაში შევიტანეთ განცხადება, მაგრამ დიდი იმედი არ გვაქვს, რადგან ბოლო ორი წელია, არც ისინი გვაფინანსებენ. ალბათ, რაღაც მინიმალური რესურსით მოგვიწევს ჩატარება, თუმცა შემდეგ წლებში რა მოხდება და როგორ გავაგრძელებთ მუშაობას, იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეიცვლება ვითარება ქვეყანაში.
ჩვენი მხარდაჭერა უცხოური ორგანიზაციებისგან პირდაპირი დაფინანსებით 20 პროცენტზე მეტი არ ყოფილა, მაგრამ ლიცენზიების შესყიდვასა და სტუმრების ჩამოყვანაში გვეხმარებოდნენ. ბიუჯეტურად 20 პროცენტს შესაძლოა არ გავცდენივართ, მაგრამ არაპირდაპირი გადახდით და სხვადასხვა მხარდაჭერით კი გამოდიოდა მეტი. მომავალში, თუ მოგვიწია მთლიანად ფონდებისა და დამოუკიდებელი დაფინანსების მოძიებაზე გადართვა, ნამდვილად გადავაჭარბებთ 20 პროცენტს უკვე ბიუჯეტურადაც. ჯერ კიდევ გასარკვევი გვაქვს, როგორ ითვლება. ალბათ, ჩვენც მოგვიწევს დარეგისტრირება. ეს ძალიან არასწორია და უსამართლო, რადგან ის თანხა, რომელიც შემოდის უცხოური ფონდებიდან, საქართველოში სხვადასხვა სფეროს განვითარებას ხმარდება და რასაც ჩვენ ვაკეთებთ კინოში, სხვები კი სხვა სფეროში, ისევ ჩვენი ქვეყნისთვის კეთდება. ამიტომ გაუგებარია, რატომაა ეს უცხოური ინტერესების გატარება.
ეს კანონი გარკვეულ ბარიერებსაც შექმნის, რადგან ზოგიერთმა ფონდმა თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ მათი დაფინანსება განიხილება უცხო ძალის, მტრული ძალის გავლენად, შეიძლება, საერთოს უარი თქვას მხარდაჭერაზე. ეს დიდი დარტყმა იქნება, როგორც კულტურის, ისე ყველა სხვა სექტორზე.