„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღონ მათი შეთავაზება და დაეხმარონ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაში.
„გასულ ორშაბათს ენმ-მ დაიწყო საქართველოს იმ მოქალაქეების აღრიცხვა, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში არიან ჩარჩენილები, არ აქვთ არავითარი სახსრები, ფაქტობრივად, ქუჩაში არიან დარჩენილები და სამშობლოში დაბრუნება სურთ“, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, პრეზედენტი სააკაშვილი „პირდაპირ გადავიდა მოქმედებაზე. მან მოიძია უკრაინული ავიაკომპანია და სახსრები, რომლებიც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, უფასო ჩარტერული რეისებით დაბრუნდნენ სამშობლოში”.
ვაშაძე ამბობს, რომ მათ უკვე მიიღეს 3 000-მდე შეტყობინება და შეუძლიათს 31 მარტიდან 4 რეისი შეასრულონ. 31 მარტს – ვარშავა-კიევი-თბილისი, 1 აპრილს – ბერლინი და რომი, 2 აპრილს კი – ბარსელონა.
„დაახლოებით საქართველოს 1000 მოქალაქის ჩამოყვანას შევძლებთ“, – ამბობს ვაშაძე.
მისი თქმით, საქმის ორი მესამედი გაკეთებულია, ანუ მოძიებულია ავიაკომპანია და სახსრები, „რომლებიც ამ სამაშველო ოპერაციას დასჭირდება. ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა,მაგრამ ჩვენ ვერ განვახორციელებთ ხელისუფლების ჩარევისა და პასუხისმგებლობის გარეშე”.
ვაშაძე ამბობს, რომ საჭიროა კორიდორი, ფრენის ნებართვა, საელჩოებისა და საკონსულოების მობილიზება. საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი, სამედიცინო სერვისი. „უნდა გამოვიყვანოთ, ბავშვიანი ოჯახები და ისინი, ვინც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არიან”.
ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, მათ უკვე მიიღეს რამდენიმე ზარი და რამდენიმე სასტუმრო უფასოდ სთავაზობს საკარანტინო სივრცეებს.
ვაშაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, აიღოს პასუხისმგებლობა და დაეხმაროს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაში.