პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტში დააინიციირა კანონპროექტი „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ რომელიც მიზნად ისახავს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისთვის საჭირო საკანონმდებლო რეგულაციის შექმნას.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მისი შემუშავება განპირობებულია დანაშაულის გახსნისა და გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის საჭიროებით.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, დნმ-ის ნიმუშის პროფილირებით და მონაცემთა ბაზის მეშვეობით შესაძლებელია დამნაშავე პირთა იდენტიფიკაცია; დანაშაულის ადგილზე მოპოვებული ნიმუშებით (სისხლი, თმა და ა.შ) გენეტიკური პროფილის შექმნა და ბაზაში არსებულ მონაცემებთან შედარება; ასევე გათვალისწინებულია დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაც.

კანონპროექტის მიხედვით, დნმ-ის მონაცემთა ბაზის დანერგვა შესაძლებელს ხდის საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში დნმ-ს მონაცემთა ბაზაში დაცული გენეტიკური პროფილების ქვეყნებს შორის გაცვლასაც.

დნმ-ის მონაცემის შენახვის ვალდებულებას განსაზღვრავს „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ 2007 წლის ევროპის საბჭოს კონვენციაც, რომელიც საქართველოსთვის ძალაში შევიდა 2015 წლის პირველ იანვარს.

„წარმოდგენილი კანონის პროექტით განისაზღვრება ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირები, კერძოდ, სავალდებულო იქნება ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით.

ამასთან, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები.

გარდა ამისა, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის მისივე თანხმობით დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

კანონპროექტს ბიურომ მსვლელობა უკვე მისცა.

წამყვან კომიტეტად განისაზღვრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო ადამიანის უფლებათა, ჯანდაცვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების დასკვნა სავალდებულოა.

ჯანდაცვის კომიტეტმა პროექტს მხარი უკვე დაუჭირა. იურიდიული კომიტეტი კანონპროექტს პირველი მოსმენით 12 სექტემბერს განიხილავს.