ეგვიპტეში საქართველოს დესპანის ოჯახის წევრები 20 კომპანიაში ფლობენ წილებს, დიპლომატი ამას დეკლარაციაში არ წერს - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) ცნობით, სახელმწიფო უწყებებმა აჭარაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები მისცეს კომპანიას, რომელსაც ფლობს და ხელმძღვანელობს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, მიხეილ თიგიშვილის მეუღლე, ნარგიზა ჭავჭანიძე.

TI-ის ცნობით, მიხეილ თიგიშვილი და მისი მეუღლე ასევე ჩართულები არიან 20 კომპანიის საქმიანობაში, ფლობენ წილს და ხელმძღვანელობენ მათ საქმიანობას, მაგრამ არცერთი მათგანის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში თიგიშვილს 2024 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აუსახავს.

ორგანიზაციის მიხედვით, მიხეილ თიგიშვილის მეუღლემ, ნარგიზა ჭავჭანიძემ კომპანია „დეენკა პრომაინინგი“ 2021 წლის 29 ივლისს დაარეგისტრირა. 12 დღის შემდეგ სსიპ „მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ“ ამ კომპანიას 3-წლიანი ლიცენზია მისცა.

ამ ლიცენზიით კომპანიამ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე აჭარისწყალზე 111,440 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვების უფლება მიიღო. TI აღნიშნავს, რომ ინერტული მასალის მოპოვების შედეგად, მიმდებარედ, მდინარე აჭარისწყალზე ხიდის საძირკველს/საყრდენ ბურჯებს საფუძველი გამოეცალა და ასევე საფრთხე შეექმნა მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძებს.

„ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ, 2024 წლის 4 ივნისის #803 განკარგულებით, შპს „დეენკა პრომაინინგს“ 48%-ით, 165,000 კუბურ მეტრამდე გაუზარდა მოსაპოვებელი ქვიშა-ხრეშის თავდაპირველი მოცულობა, რის სანაცვლოდაც მან ბიუჯეტში საბოლოო ჯამში 236,739 ლარი უნდა გადაიხადოს”, – წერს ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ თიგიშვილი, მეუღლის კომპანიის მიერ ლიცენზიის მოპოვების დროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის ქვეყნების სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

TI წერს, რომ თიგიშვილებთანაა დაკავშირებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში (ყოფილი ბოგდანოვკა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოსაწყობად მთავრობის შერჩეული კომპანია  – „ასი გრუპ ჯორჯია“. ამ კომპანიის 20%-იან წილს დესპანის შვილი, დურმიშხან თიგიშვილი ფლობს.

მთავრობის 2022 წლის დადგენილებით, კომპანიას დაევალა 1 117 450 კვ/მ-ზე საბაჟო-გამშვები პუნქტებისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. მთავრობამ თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოწყობის ვადა 2023 წელს 1 წლით გადაწია, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებიდან ჩანს, რომ ვალდებულება არც ამჟამადაა შესრულებული.

„ასი გრუპ ჯორჯია“, თავის მხრივ, დაკავშირებულია ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანია „ასი გრუპ ჰოთელს ჯორჯიასთან“, რომლის დირექტორიც დურმიშხან თიგიშვილია, 100% წილის მესაკუთრე კი ეგვიპტის მოქალაქე – ხალედ მოჰამედ აბდელმონებ კანდილი. კანდილი, ცესკოს მონაცემებით, სწორედ თიგიშვილების მისამართზეა რეგისტრირებული.

TI-ის ცნობით, „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ” 2022 წელს აუქციონზე უკონკურენტოდ (ერთი ბიჯით) თითქმის 6 მილიონ ლარად შეიძინა წყალტუბოში მდებარე სანატორიუმი „მედეა“.

კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ 14-წლიანი ლიცენზია მისცა „ფორვარდ მაინინგია“. ამ კომპანიის დამფუძნებელი და 42,5% წილის მფლობელი ილია ცანავა მიხეილ თიგიშვილის შვილის, დურმიშხან თიგიშვილის ბიზნესპარტნიორია შპს „აიდი გლობალში“.

„შპს „ფორვარდ მაინინგმა“ უფლება მიიღო, 114,595 კუბური მეტრი ბაზალტი მოიპოვოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს მიმდებარე ტერიტორიაზე. ილია ცანავა ამავდროულად, 2014 წლიდან არის პრორუსული, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „ალტ-ინფოს” ლიდერის, აშშ-ის მიერ სანქცირებული კონსტანტინე მორგოშიასა და მისი მამიდის, ციალა მორგოშიას, ბიზნესპარტნიორი შპს „გრანდე გრუპ ჯორჯიასა” (ს/ 405078277)) და შპს „გრანდე გრუპ ჯორჯიაში” (ს/ 405062649) – ამბობს ორგანიზაცია.