ბიძინა ივანიშვილმა „ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღე 26 მაისს და 9 აპრილს გაუთანაბრა 

პუბლიკა

ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღე 26 მაისს და 9 აპრილს გაუთანაბრა.

12 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა და ენმ-ის ხელისუფლება შეცვალა.

„სწორედ ჩვენი ხალხის ამ უპრეცედენტო ერთიანობას ვერ აღუდგნენ წინ იმჟამინდელი რეჟიმი და მათი უცხოელი პატრონები!

ამიტომაც, ეს დღე ჩვენი სიამაყის საერთო საფუძველია! ნიშანი და სიმბოლო საქართველოს მოქალაქეების ერთიანობისა და ამ ერთიანობის ძალისა!

ეს დღეც ჩვენია, როგორც 26 მაისი, როგორც 9 აპრილი!” – წერია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა – 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა. შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

ხოლო 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას რუსულმა ჯარებმა თბილისში დაარბიეს მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებიც საქართველოს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის, სკოლის მოსწავლეები. 2000-მდე მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა.

განცხადებაში ივანიშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს მმართველი პარტიის ნარატივებს იმის შესახებ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ენმ-ის ხელისუფლებამ დაიწყო. ნახსენებია უკრაინაც.

2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე „ქვეყანას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, ვინაიდან გარე თუ შიდა მტრები მუდმივად ცდილობენ რევოლუციების მოწყობას და ქვეყნის არევას. ამ პირობებში, ივანიშვილის თანახმად, მმართველი პარტია ახერხებს, „მშვიდობა შეინარჩუნოს და არ დაუშვას ის, რაც ჩვენს მეზობელ უკრაინაში ხდება, ის, რაც 2008 წელს გამოვიარეთ. არ დავუშვათ, რომ ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს!

ბიძინა ივანიშვილმა ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა დაპირება ოპოზიციის – „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და აკრძალვის, შემდეგ კი დასჯის შესახებ.

„ჯერ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, ხოლო შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლდეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რეჟიმი, რომელმაც საკუთარ მოსახლეობას ტერორი, მკვლელობა, წამება არ აკმარა და ომის ქარ-ცეცხლი დაატეხა თავს”, – თქვა ივანიშვილმა.