ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილს ამბობს, რომ მოისმინა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განცხადება და მიაჩნია, რომ ეს სამართლის უზენაესობის პრინციპებზე თავდასხმაა.
30 სექტემბერს TI-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციის 24-წლიანი არსებობის ისტორიაში, პირველად, არ ეყოლებათ არცერთი დამკვირვებელი მათი სახელის ქვეშ.
ორგანიზაციის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც მათი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.
„ის, რომ ამ გადაწყვეტილებას ვეძახით რეპრესიულს, ცოტა გასაკვირია. მოვისმინე ქალბატონი ეკა გიგაურის განცხადება, მიმაჩნია, რომ ეს არის სამართლის უზენაესობის პრინციპებზე თავდასხმა. [პოლიტიკურ პარტიად აცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს?] ეს არის თქვენი ინტერპრეტაცია, ძალიან სამწუხაროა, რადგან არ არსებობს არგუმენტები იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც არის ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან მიღებული, შესაბამისად ახლა აირჩიეს გზა, რომელიც არის კანონის უზენაესობაზე თავდასხმა. ეს არ არის არც ევროპული სტანდარტი, არც დასავლური სტანდარტი, კანონის უზენაესობა არის მთავარი პრინციპი, რომელსაც პატივი უნდა სცეს ყველამ“, – თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა.
ჟურნალისტმა მას შეახსენა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება, რომ ღრმად შეშფოთებული არიან ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, რის გამოც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ვერ ახერხებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებას საკუთარი სახელით.
ჟურნალისტი: – ევროსაბჭო თქვენ გაკრიტიკებთ, აშშ თქვენ გაკრიტიკებთ; როგორ, ყველა მტყუანია და თქვენ ხართ მართალი?
რაჟდენ კუპრაშვილი: – დიახ, ყველა მტყუანი არის და მე ვარ მართალი.