პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რას ეტყოდა მმართველ პარტიას იმაზე, რომ ისინი უკვე მეორედ იწყებენ მისი იმპიჩმენტის პროცედურას:
„არაფერს”. – თქვა პრეზიდენტმა.
დღეს, 7 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის მიმართ ხელახლა აღძრავენ იმპიჩმენტის პროცედურას.
მისი თქმით, მიზეზი პრეზიდენტის უნებართვო საგარეო ვიზიტებია, მათ შორის, გასულ კვირას საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში ჩასვლაზე.
გარდა ამისა, მმართველი გუნდი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ნიშნავს ელჩებს და ბოლო პერიოდში ჩართულია საარჩევნო კამპანიაში.
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 2023 წელსაც დაიწყო. მიზეზი, პირველ შემთხვევაშიც, ევროპის ქვეყნებში მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტები იყო.
იმავე წლის 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო და იმპიჩმენტზე მმართველი გუნდის მოთხოვნა დააკმაყოფილა. მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის გადაყენება ვერ შეძლო, რადგან იმპიჩმენტის სასარგებლოდ ხმა 86 დეპუტატმა მისცა, საჭირო კი 100 დეპუტატის ხმა იყო.