NGO-ები საგამოძიებოს: გაასაჯაროვეთ აქციების დარბევის საქმეების გამოძიებაზე ინფორმაცია

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებენ, გაასაჯაროოს რუუსლი კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციების დარბევასთან დაკავშირებულ საქმეებზე გამოძიების შესახებ ინფორმაცია.

ორგანიზაციები ამბობენ, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურას ამ დრომდე (09.10.2024) არც ერთი დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის გამოვლენისა და ბრალდების შესახებ არ გაუვრცელებია ინფორმაცია. ასევე, უცნობია, შეუჩერდა თუ არა რომელიმე სამართალდამცავს უფლებამოსილება გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში.

„სამართალდამცავებმა სცემეს აქციაზე მყოფ პირებს, მათ შორის, ქალებს, ბავშვებს, ჟურნალისტებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ამასთან განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ დაკავებებისას. გამოიკვეთა დაკავების დროს არასათანადო მოპყრობის ფაქტები. აღსანიშნავია, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას, უმეტესად, ჰქონდა ანგარიშსწორების სახე და არ უკავშირდებოდა უკანონო წინააღმდეგობის ან სამართალდარღვევის აღკვეთას. ზოგიერთ შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ძალის გადამეტების იმდენად მძიმე მეთოდები გამოიყენეს, რომ რამდენიმე დაკავებულს, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა  და გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება დასჭირდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორების შეფასებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ 2023 წლის 7-9 მარტის და 2024 აპრილ – მაისის აქციებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე წარმოებული გამოძიება ამ ეტაპისთვის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება შეფასდეს, როგორც ფორმალური და შედეგის თვალსაზრისით, ფიქციური.

„ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2024 წლის აპრილ-მაისის აქციების დარბევაში ადამიანის უფლებების დარღვევებზე წარმოებული გამოძიების არაეფექტიანობა პირდაპირ კავშირშია, მათ შორის, საარჩევნო დღეს უსაფრთხოების დაცვასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • საზოგადოებას მიაწოდოს ჯეროვანი ინფორმაცია 2024 წლის აპრილ-მაისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით.
  • საზოგადოებას აცნობოს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების გამოკითხვა, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელისა, და მისი მოადგილის.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • უფლებები საქართველო
  • საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი