2024 წლის გაზაფხულს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სოციალურ ქსელებში მასობრივად გავრცელდა ფოტო, რომელზეც ავტობუსს მტკვრის ერთ-ერთი სანაპირო ჰქონდა ბლოკირებული. „ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ“ – ასეთი სათაურით, სიხარული სულ რამდენიმე დღეს ან საათს გაგრძელდა. ბოლოს ყველასთვის ცხადი გახდა, რომ მძღოლი უბრალოდ ავტობუსის მოტრიალებას ცდილობდა.
მალევე ყოველდღიური აქციების ერთ-ერთი ლოზუნგი (და მოწოდება) გახდა „გაიფიცე საქართველოსთვის“. იმ დღეებსა თუ კვირებში თბილისის ქუჩებიდან გაქრნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლიორები და თბილისის პარკინგის თანამშრომლები. თუმცა არა იმიტომ, რომ მათ უარი განაცხადეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე, არამედ მთავრობას ალბათ არ სურდა ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში შეჩეხოდნენ „სახელმწიფოს“, რომელიც მათ აჯარიმებდა.
ახალგაზრდებმა, რომლებიც მოუწოდებდნენ დასაქმებულებს გაფიცულიყვნენ, ალბათ არც კი იცოდნენ, რომ გაფიცვა ერთ დღეში არ ხდება, რომ მან ჯერ უნდა გაიაროს გრძელი ბიუროკრატიული გზა და მხოლოდ ამის შემდგომ ხდება ის ლეგალური – წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით ისჯება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, ისიც, რომ მათთვის უცხო იყო ის ამბავიც, რომ თითქმის 30 წლის განმავლობაში, სახელმწიფო, მმართველი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ინტელექტუალური ელიტები ყოვლად აუფასურებდნენ გაფიცვის მნიშვნელობას, აპელირებდნენ ბიზნესისთვის აუცილებელი სასათბურე პირობების შექმნით, შესაბამისი კანონებით ზღუდავდნენ და ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდნენ მას.
თუ საკითხს კიდევ უფრო განვაზოგადებთ, აღმოვაჩენთ რომ „გაფიცვებთან“ ბრძოლა და მისი ფაქტობრივი აკრძალვა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში მოხდა – შეგვიძლია უფრო უკანაც წავიდეთ და მეფის რუსეთსაც გადავწვდეთ.
რა თქმა უნდა, გაფიცვებს მხოლოდ საქართველოში არ ებრძვიან, არამედ ასე ხდება ყველგან და ეს თითქოსდა ბუნებრივი რეაქციაც არის დამსაქმებლის მხრიდან, რომელსაც მოგების მაქსიმიზაცია სურს. მაგრამ არის ერთი დიდი განსხვავებაც, ევროპაში გაფიცვა მიჩნეულია დემოკრატიის ნაწილად – როგორც ადამიანისა და შრომის განუყოფელი უფლება. ბოლოს და ბოლოს, ევროპაში სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოები მეტწილად დგას მუშათა კლასის საუკუნეობრივ ბრძოლაზე შრომითი უფლებებისა და კეთილდღეობისთვის. ამის დასტურად შეგვიძლია მოვიშველიოთ 1926 წელს ბრიტანული პროფკავშირების ორგანიზებით დაწყებული გაფიცვა, რომელშიც 1.7 მილიონი მუშა მონაწილეობდა. ისინი ითხოვდნენ გაუმჯობესებულ შრომით პირობებსა და ანაზღაურებას. საინტერესოა, მაგრამ გაფიცვა სულ რაღაც 9 დღეში დასრულდა, თანაც მარცხით. სახელმწიფომ არათუ არ შეასრულა მოთხოვნები, არამედ პირიქით გაამკაცრა კანონმდებლობა პროფკავშირების წინააღმდეგ. გრძელვადიან პერსპექტივაში, გაფიცვამ პირდაპირი ასახვა პოვა ბრიტანულ პოლიტიკურ ყოველდღიურობაზე. უკიდურესად გაძლიერდა ლეიბორისტული პარტია, ხოლო შრომითი საკითხების მოგვარება ნაციონალური დღის წესრიგის ნაწილად იქცა.
შეიძლება ითქვას, რომ მშრომელთა კლასი სწორედ ამ გაფიცვის წყალობით ჩაერთო სახელმწიფოს მშენებლობაში. სწორედ ამ პერიოდიდან პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყეს მშრომელთა ხმებისა და ინტერესების საჯარო გაჟღერება და მისი ყოველდღიური პოლიტიკის წარმოებად ქცევა. უცნაურია, მაგრამ თბილისში, უკვე ორ თვეზე მეტია, გაფიცული არიან „ევოლუშენ გეიმინგში“ დასაქმებულები, მაგრამ არათუ სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია არანაირი რეაქცია, არამედ ოპოზიციური პარტიებიდანაც კი არ ჩანს მკვეთრად გამოხატული პოზიცია და სოლიდარობა, მით უმეტეს მაშინ, როცა წინასაარჩევნო პერიოდია დაწყებული.
ის რაც დიდ ბრიტანეთში ერთი საუკუნის წინ გაიაზრეს, საქართველოსთვის 2024 წელს ჯერ კიდევ უცხოა. უფრო მეტიც – 2006 წელს შრომის კოდექსი პრაქტიკულად გაუქმდა. დასაქმებულს წაერთვა ყველა უფლება, ხოლო დამსაქმებელს შეუნარჩუნდა – გამოვიდა, რომ შრომის კოდექსი, რომლის მთელი არსი არის დასაქმებულის დაცვა, მუშაობდა მის წინააღმდეგ. საინტერესოა, მაგრამ მსგავსი პრეცედენტი ევროპაში არ არსებობს. სამაგიეროდ, საქართველო დადგა კატარის, სომალის, ერიტრეისა და ჩრდილოეთ კორეის გვერდით, სადაც შრომის კოდექსი უბრალოდ არ არის. 2013 წელს, ევროკავშირის მოთხოვნიდან გამომდინარე, საქართველოში შრომის კოდექსი აღდგა, რითაც დარეგულირდა შრომითი და სამართლებრივი მრავალი ასპექტი, თუმცაღა იდეალურამდე კიდევ ბევრი აკლია.
როგორც ზემოთ აღინიშნა, გაფიცვის ორგანიზებას მრავალი ბიუროკრატიული წინააღმდეგობა ახლავს. ამას თან ერთვის საზოგადოების ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულებაც, რომლებიც ირიბად ან პირდაპირ დამსაქმებლის პოზიციას იზიარებენ. „თუ არ მოგწონთ, წადი!“ – ეს ფრთიანი ფრაზა თითქმის ყველა შრომითი დავის თანმდევია. არადა, ამ ლოგიკას პასუხი ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში გაეცა, როცა შრომითი ურთიერთობები არამხოლოდ ინდივიდუალური საკითხი გახდა, არამედ კოლექტიური, რომელიც პირდაპირ კავშირშია ადამიანის უფლებებთან და სახელმწიფოს დემოკრატიულ მშენებლობასთან.
თანამედროვე მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ იქ, სადაც კარგად არის დაცული ადამიანის შრომითი უფლებები და არსებობს ძლიერი პროფკავშირები, იქვე არის დემოკრატია, ეკონომიკური უთანასწორობა დაბალია, ხოლო საზოგადოების პოლიტიკაში ჩართულობა კი – მაღალი.
საქართველოში ღირსეული შრომისთვის ბრძოლას თითქმის სამსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ათვლის წერტილად, შეგვიძლია მივიჩნიოთ 1865 წელი, რა დროსაც ახალი გადასახადების წინააღმდეგ თბილისში გაიფიცნენ და აჯანყდნენ ამქრები. მათ მალევე შეუერთდნენ წვრილი ხელოსნები, მუშები, მედუქნეები და თითქმის მთელი ქალაქი. რუსეთის იმპერიამ, გაფიცვა სისხლში ჩაახშო – მოკლეს რამდენიმე ადამიანი, გაასამართლეს 80-მდე, ხოლო 10-მდე ციმბირში გადაასახლეს.
მე-19 საუკუნეში ევროპაში მიმდინარე სოციალური პროცესები, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ პირდაპირ ასახვას პოვებდა საქართველოშიც. სულ უფრო და უფრო ვრცელდებოდა სოციალური თანასწორობისკენ მიმართული იდეები. პირველ რიგში ქართველი სოციალ-დემოკრატების (და არამხოლოდ მათი) მეშვეობით, რომლებიც აქტიურად მუშაობდნენ მუშებთან. აცნობდნენ მათ ხედვებს, უფლებებს, ქმნიდნენ ადგილზე კომიტეტებს, აორგანიზებდნენ გაფიცვებს და ა.შ.
რუსეთის იმპერიის პირობებში, საქართველოში მუშების შრომითი პირობები შეიძლება პირდაპირ შეფასდეს, როგორც უმძიმესი. მიზერული ანაზღაურება და პირობები, ზოგან 16-საათიანი შრომითი დღეც კი, უსაფრთხოების სტანდარტების სრული უგულებელყოფა, არანაირი სოციალური დაზღვევა და ა.შ. ქართველი მუშების უფლებრივი მდგომარეობა და მათი სოციალური ყოფა კიდევ უფრო მძიმე იყო, ვიდრე რუსეთში. შრომით ექსპლუატაციას თან ერთოდა მკაცრი ნაციონალური და კოლონიალური ჩაგვრაც. აქედან გამომდინარე, გაფიცვები იყო ხშირი, ხოლო მუშათა პროტესტი, არამხოლოდ შრომით საკითხებს მოიცავდა, არამედ პირდაპირ პოლიტიკურსაც – ებრძოდა მეფის რუსეთის ხელისუფლებას.
1905 წელს რუსეთში რევოლუციის მცდელობა დაიწყო. მთელი იმპერიის მასშტაბით იფიცებოდნენ მუშები, იყო შეიარაღებული დაპირისპირებები და ა.შ. მსგავსი პროცესები იყო საქართველოშიც. გაფიცვათა სერია, რომელიც აჯანყების ხასიათს ატარებდა, საქართველოს ისტორიაში უდიდესი აღმოჩნდა. ძირითადი მოთხოვნა შრომითი და პოლიტიკური უფლებების გაუმჯობესება იყო, და მასში თითქმის მთელი მოსახლეობა იყო ჩართული. სწორედ ამ დროს, მუშათა კონტროლქვეშ გადავიდა ნაძალადევის მუშური უბანი, შეიქმნა „ნაძალადევის ხელისუფლება“. მოგვიანებით, რუსულმა ჯარმა არტილერიისა და ცხენოსნების გამოყენებით უბანზე კონტროლი აღადგინა.
დაუმორჩილებლობა, ბევრად წარმატებული გამოდგა გურიაში, სადაც გლეხებმა ბოიკოტი გამოუცხადეს თავადებს. მალევე, თვითორგანიზებით, გააუქმეს მეფის ადმინისტრაცია და თავი რესპუბლიკად გამოაცხადეს. შეიქმნა მმართველი კომიტეტი, რომელიც ქმნიდა საკუთარ სამხედრო ფორმირებებს, ადმინისტრაციებს, სტამბებს, სასამართლოებს, მართავდა სასკოლო განათლებას, ადგენდა გადასახადებსა და ფასებს. საბოლოოდ, გურიის რესპუბლიკაც დაემხო. 1906 წლის 12 იანვარს, რუსულმა ჯარმა, უდიდესი სისასტიკით დაარბია გურია, გზად წვავდა და ანადგურებდა სოფლებს, მაროდიორობდა და ქუჩაში ხვრეტდა უიარაღო უდანაშაულო ადამიანებს.
საკანონმდებლო დონეზე შრომითი ურთიერთობები საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში მოგვარდა. გაფიცვები, მაშინაც იყო; მაგალითად, 1918 წელს გაიფიცნენ ტყიბულის მუშები, მაგრამ ის არ გადაზრდილა ძალადობაში, როგორც ეს მეფის რუსეთის პერიოდში ხდებოდა. პირიქით, გარკვეული წინააღმდეგობის მიუხედავად, სახელმწიფომ უკან დაიხია და მოთხოვნების ნაწილი დააკმაყოფილა, მათ შორის 50%-ით გაიზარდა ანაზღაურება.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ძლიერდებოდა პროფკავშირული ორგანიზაციები, რომლებიც 1920 წლისთვის მშრომელების რაოდენობას თითქმის სრულად მოიცავდა. საინტერესოა, მაგრამ პროფესიულ კავშირებში მეტ დროსა და ენერგიას უთმობდნენ სახელმწიფო დემოკრატიზაციასა და მის განვითარებაზე მუშაობას, ვიდრე მხოლოდ შრომით უფლებებზე მუშაობას. თავად პოლიტიკური პარტიები საკუთარ პროგრამებში დიდ ადგილს უთმობდნენ მშრომელთა ინტერესების გათვალისწინებას.
1920 წლის 14 აგვისტოს მიღებულ იქნა კანონი „შრომის ხელშეკრულების შესახებ“, რომელიც უდავოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ პროგრესულად. კერძოდ, მასში ასახული იყო ყველა ის უფლება თუ კანონი, რომლებიც განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში არსებობდა – მათ შორის განისაზღვრა მინიმალური ხელფასი, სამუშაო საათები, დასაშვები გახდა კოლექტიური ხელშეკრულებები, არსდებოდა „შრომის სასამართლო“ და „ინსპექცია“.
1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ბოლშევიკურმა რუსეთმა პროფკავშირების საბჭო მალევე გადააყენა. ლოგიკა მარტივი იყო – მუშების უდიდესი ნაწილი არამხოლოდ ემხრობოდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, არამედ პირდაპირ იბრძოდნენ რუსეთ-საქართველოს ომში. ოკუპაციის შემდეგ პირველი წინააღმდეგობის კერებიც ზუსტად პროფკავშირებში გაჩნდა. 1921 წლის ივლისში ნაძალადევის მუშათა კლუბს იოსებ სტალინი ესტუმრა. მუშებმა იმ დროისთვის ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გავლენიან სტალინს, სიტყვა მრავალჯერ შეაწყვეტინეს და ობსტრუქცია მოუწყვეს, ითხოვდნენ რა საქართველოდან საოკუპაციო ჯარის გაყვანას. მუშათა წინააღმდეგობა, საერთო ქართული წინააღმდეგობის მოძრაობის ლოგიკური გაგრძელება იყო, აქედან გამომდინარე მის დასუსტებასთან ერთად სუსტდებოდა მუშათა ერთობები და დამოუკიდებელი პროფკავშირები.
საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლება გაცხადებულად იყო მუშათა სახელმწიფო, რომელშიც, წესით, მშრომელი კლასის ინტერესები ყველაზე კარგად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, მაგრამ რეალობა სრულად საპირისპირო აღმოჩნდა. 1929 წელს დაწყებული ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკა გულისხმობდა შრომისა და მოგების მაქსიმალიზაციას მინიმალური დანახარჯით, შრომითი უფლებები უბრალოდ ფორმალობა გახდა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო თავად იქცა მუშათა კლასზე მოძალადედ, შეიცვალა შრომის კანონმდებლობა და პირობები უკიდურესად გაუარესდა, რიგ ეპიზოდებში კი კრიმინალიზდა კიდეც. მაგალითად, სამსახურის არასაპატიო მიზეზებით გაცდენა (ისედაც სულ რამდენიმე დღის გაცდენა იყო ნებადართული) განისაზღვრა 2-4 თვემდე პატიმრობით. საბჭოთა ხელისუფლებამ სრულად გააუფასურა პროფკავშირების იდეაც და ფაქტობრივად ის სახელმწიფო დანამატად აქცია. პოსტსტალინურ საბჭოთა კავშირში, ადრინდელთან შედარებით, შრომითი პირობები და ურთიერთობები გამოსწორდა, მაგრამ პროფკავშირების როლი მეტწილად იგივე დარჩა.
საბჭოთა კავშირში გაფიცვები თითქმის არ ყოფილა (თუ არ ჩავთვლით მისი არსებობის უკანასკნელ წლებს), თუმცა არა იმიტომ, რომ მუშათა უფლებები იყო დაცული და გასაპროტესტებელი არაფერი იყო, არამედ იმიტომ, რომ ის უბრალოდ აკრძალული იყო – უდრიდა სამეურნეო გეგმების განზრახ შეფერხებას, რაც სამშობლოს ღალატის ტოლფასი იყო. 1962 წელს ნოვოჩერკასში საკუთარი შრომითი პირობებითა და დაბალი ანაზღაურებით უკმაყოფილო „ელექტროვაგონმშენებელის“ მუშები გაიფიცნენ. რამდენიმე დღეში მათ საპასუხოდ ჯარი იქნა მობილიზებული და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დარბეული, სულ დაიღუპა 26 მუშა, დაშავდა ასეულობით.
განსხვავებით რუსეთისგან, 1980 წელს სოციალისტურ პოლონეთში 50 ათასამდე მუშა და 150-მდე საწარმო გაიფიცა. მათი ძირითადი მოთხოვნა სოციალური და პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესება იყო, მათ შორის დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნის უფლება. ხელისუფლება იძულებული შეიქნა, უკან დაეხია და მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა – მათ შორის ლეგალურად შეიქმნა დამოუკიდებელი პროფკავშირი „სოლიდარობა“, რომელიც მოგვიანებით ეროვნული მოძრაობის ავანგარდში აღმოჩნდა.
საბჭოთა პერიოდში საქართველოში გაფიცვებს ადგილი არ ჰქონია. თუმცაღა 1989 წლის აპრილის დღეებში, როცა ქართული საზოგადოება რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობას ითხოვდა, მუშათა ნაწილი სამუშაო ადგილებზე პროტესტის ნიშნად არ გადიოდა, რითაც აფერხებდა სამუშაო პროცესს.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მალევე, ადგილი ჰქონდა პირველ გამაფრთხილებელ გაფიცვას – 1992 წელს უმძიმესი შრომითი პირობებისა და დაბალი ანაზღაურების გამო, გაფიცვის გზას დაადგნენ თბილისის მეტროს თანამშრომლები. თავდაპირველად ხელისუფლება ეცადა მათ დაშინებას, მაგრამ ქალაქისთვის მეტროს კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლის გამო მალევე უკან დაიხია და მოთხოვნები დააკმაყოფილა.
საქართველოს თანამედროვე ისტორია გვიჩვენებს, რომ ისევე როგორც ევროპაში, აქაც მუშათა კლასის ერთი-ერთი მთავარი ინსტრუმენტი საკუთარი უფლებების დასაცავად – არის გაფიცვა. რეჟიმთა ცვლილება ცხადყოფს იმასაც, რომ მშრომელთა ინტერესები მაშინ იყო დაცული და გათვალისწინებული, როცა ხელისუფლება დემოკრატიის განვითარების გზას ადგა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში.
მეორე მხრივ, ყველა მძიმე პერიოდი იდგა სტალინიზმის დროს, როცა შრომითი კანონმდებლობა რეპრესიულ ხასიათს ატარებდა, ხოლო გაფიცვა კი აკრძალული იყო (ეს უკანასკნელი მოგვიანებითაც არ შეცვლილა). საბჭოთა 70-წლიანმა ოკუპაციამ და მისმა პოლიტიკურმა, ინფორმაციულმა თუ იდეოლოგიურმა ჩაკეტილობამ დიდი დაღი დაასვა ყველაფერ იმას, რაც შრომით ურთიერთობებს ეხებოდა. მეორე მხრივ, ახალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლით უარყოფილ იქნა სოციალური თანასწორობის იდეები – როცა ის საბჭოთა გადმონაშთად გამოცხადდა. მუშათა კლასის ნაწილმა, თითქმის დაკარგა კლასობრივი ცნობიერება და გაუთვიცნობიერებლად აღმოჩნდა საქართველოში ველური სახით დამკვიდრებული საბაზრო ეკონომიკის ტყვეობაში.
როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ გაფიცვა და ზოგადად კარგად დარეგულირებული შრომითი უფლებები – ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია.