გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

პუბლიკა

„საქართველოს ევროპული მომავლისთვის” – ამ სახელწოდებით გერმანიის ბუნდესტაგმა რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის ტექსტი პარლამენტში წარადგინა პარტიების კოალიციამ, რომელთა შორის არიან „სოციალ-დემოკრატიული პარტია”, „მწვანეები” და „თავისუფალი დემოკრატები”.

მიღებულ ვერსიაში გერმანელი დეპუტატები მხარს უჭერენ საქართველოს EU-ში გაწევრების პროცესს, თუმცა მკაცრად აკრიტიკებენ „ქართული ოცნების” „ავტორიტარულ და ანტიევროპულ კურსს”. ისინი აღნიშნავენ, რომ ამ კურსით ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ქვეყნის ევროპულ მომავალს მიზანმიმართულად აყენებს საფრთხის ქვეშ და ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს.

რეზოლუციის პროექტით ასევე მოთხოვნილია, რომ არ მოხდეს პროგრესი საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესში, სანამ ძალაშია რუსული კანონი.

„ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. ის ეწინააღმდეგება ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებული 9 ნაბიჯიდან ორს, კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედების უზრუნველყოფას და ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან ბრძოლას. კანონი სულისკვეთებით შეესაბამება რუსეთის „უცხოელი აგენტების კანონს”. – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

გერმანული პარტიები ასევე აკრიტიკებენ ჰომოფობიურ კანონს და ითხოვენ მის გაუქმებას.

ასევე, ითხოვენ, გაუქმდეს ე.წ ოფშორების კანონი.

„ფედერალურმა მთავრობამ უნდა იმუშაოს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების სულისკვეთებით, ეუთოს (ODIHR) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მხარდაჭერით, და ასევე, საქართველოსთან ურთიერთობების მომავალი განვითარება დამოკიდებული უნდა იყოს თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებზე”. – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

ამასთან, ბუნდესტაგის პარტიები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„საქართველო იყო და კვლავაც არის რუსეთის იმპერიალისტური აგრესიის მსხვერპლი. 2008 წლის ხუთდღიანი ომის შემდეგ რუსული ჯარები ახორციელებდნენ დე ფაქტო კონტროლს საქართველოს ტერიტორიის მეხუთედზე საერთაშორისო სამართლის დარღვევით. რუსეთმა დიპლომატიურად აღიარა სეპარატისტული რეგიონები, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები.

ფედერალურმა მთავრობამ უნდა გააგრძელოს რუსეთისთვის მოწოდება, სრულიად პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მტკიცედ დაგმოს რუსეთის ნებისმიერი გავლენა რუსეთის ჯარების მიერ დე ფაქტო კონტროლირებად ტერიტორიებზე, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევით ხდება, ისევე, როგორც დაგმოს საქართველოს შემდგომი დესტაბილიზაციის მცდელობები“.