პროკურატურის მტკიცებით, აფეთქებამდე გივი თარგამაძის თვალთვალის დავალება სააკაშვილმა გასცა

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, დარჩო ხეჩუაშვილმა, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე გამოძიებას „მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა”.

დარჩო ხეჩუაშვილი, რომელსაც 18-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად 2019 წელს მიესაჯა, შსს-მ 2024 წლის 19 სექტემბერს დააკავა „საზღვარზე მაშინ, როცა ქვეყანაში შემოდიოდა”.

პროკურატურის განცხადებით, დარჩო ხეჩუაშვილმა მათ უთხრა, რომ:

„2016 წლის აგვისტოს ბოლოს დარჩო ხეჩუაშვილი შეხვდა მისთვის უცნობ პირს, ვინმე „დიმას“ (დიმიტრი), რომელმაც მას შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილის დანაბარები გადასცა ჭიჭიაშვილთან შეხვედრის თაობაზე.

ხეჩუაშვილის თქმით, მას შოთა ჭიჭიაშვილთან წარსულში ნაცნობობა აკავშირებდა და შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრას დათანხმდა.

შოთა ჭიჭიაშვილმა შეხვედრისას დარჩო ხეჩუაშვილს განუცხადა, რომ იგი ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან, გია ლორთქიფანიძის ერთად, უკრაინაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

ჭიჭიაშვილის თქმით, სააკაშვილმა შეხვედრაზე საუბრისას თქვა, რომ არ ენდობოდა მისი პარტიის წევრს გივი თარგამაძეს, რადგან მისი ინფორმაციით, თარგამაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იმჟამინდელ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და აქედან გამომდინარე, სააკაშვილმა ჭიჭიაშვილს გივი თარგამაძის  კონტროლი და თვალთვალი დაავალა”.

პროკურატურა წერს, რომ თავის მხრივ, შოთა ჭიჭიაშვილმა გივი თარგამაძის თვალთვალში და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში დარჩო ხეჩუაშვილს დახმარება სთხოვა ოდესაში კარგ თანამდებობაზე დანიშვნის სანაცვლოდ, რაზეც მსჯავრდებული დათანხმდა და მათ საერთო ნაცნობ „დიმასთან“ ერთად, გივი თარგამაძის თვალთვალი და გადაადგილების კონტროლი დაიწყო.

„დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენებით, ისინი გივი თარგამაძეს თავდაპირველად მისი კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით უთვალთვალებდნენ, ხოლო შემდეგ „დიმამ“ ხეჩუაშვილის კუთვნილი ავტომანქანის იდენტური, ტრანზიტული სანომრე ნიშნების მქონე სხვა ავტომანქანა მიიყვანა და ხეჩუაშვილს განუცხადა, რომ გივი თარგამაძის სათვალთვალოდ ეს კონკრეტული მანქანა გადასცეს, რომელსაც თვალთვალის დროს ძირითადად ხეჩუაშვილი მართავდა.

მსჯავრდებულის განცხადებით, ერთ-ერთი მორიგი თვალთვალის დღეს, კერძოდ 2016 წლის 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე არსებულ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მყოფმა დარჩო ხეჩუაშვილმა ტელეფონის საშუალებით აცნობა შოთა ჭიჭიაშვილს, რომ გივი თარგამაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შევიდა.

მას შემდგომ, რაც გივი თარგამაძემ დატოვა პარტიის ოფისი და ჩაჯდა ავტომანქანაში, აღნიშნულის შესახებ მსჯავრდებულმა კვლავ მიაწოდა ინფორმაცია შოთა ჭიჭიაშვილს, რის შემდეგაც გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა.

ავტომანქანის აფეთქების შემდგომ ხეჩუაშვილმა შოთა ჭიჭიაშვილს შეატყობინა გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების თაობაზე, რის შემდგომაც შოთა ჭიჭიაშვილის მითითებით, საქართველოს ტერიტორია დატოვა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გვერდის ავლით თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ გადავიდა”.მ

პროკურატურა აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა შსს აგრძელებს გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე „საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების და გარემოებების დადგენის მიზნით”.

2016 წლის 4 ოქტომბერს, თბილისის ცენტრში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი დეპუტატის, გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს. 8 ოქტომბერს დანიშნული იყო საქართველოს საპარლამენტო არჩევნები.

თარგამაძე სიკვდილს გადაურჩა. აფეთქების შედეგად, დაშავდა 7 ადამიანი და დაზიანდა არაერთი ავტომობილი.

გივი თარგამაძე დამოუკიდებლადაც აწარმოებდა გამოძიებას.

2017 წელს მან განაცხადა, რომ შედეგად გაირკვა, რომ მისი აფეთქება ერთობლივად დაგეგმეს ქართულმა და რუსულმა სპეცსამსახურებმა. თარგამაძის თქმით, ამ ტერორისტული აქტის შემსრულებელი სამკაციანი ჯგუფი, წარსულში მკვლელობებში, ტერორისტული აქტების განხორციელებაში, ადამიანების გატაცებასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში მონაწილეობდა.

მას შემდეგ, რაც შსს-მ დარჩო ხეჩუაშვილი დააკავა, განაცხადა, რომ „ქართული ოცნება” ერთი ტერაქტით მეორე არჩევნებზე ცდილობს ზემოქმედებას და რომ ის „ამ ცირკში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს”.

„მოთმინება მაქვს. ამ წარმოდგენის მსახიობებმა იდარდონ თავის ბედზე.

PS. მაშინ მთელი პროპაგანდა ხეჩუაშვილის მამის ერთმა კომენტარმა ჩამოუქცია – რა კიევი, რის კიევი – მოსკოვში დადიოდაო”. – დაწერა გივი თარგამაძემ „ფეისბუქზე”.