კობახიძემ კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე წარადგინა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე წარადგინა. ის ამ დრომდე მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი იყო.

„1989 წლიდან ის გახლდათ საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედებითი გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის, „თბილისის კონცერტინოს“ დირექტორი, ასევე ის იყო ტელე ფესტივალ „მანას“ აღმასრულებელი დირექტორი, მოგვიანებით „ტიბისი ტვ“-ის გენერალური პროდიუსერი, ასევე გახლდათ საქტელერადიო მაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის უფროსი და პროდიუსერი. იყო ასევე შპს „მელოდია არტის“ დირექტორის მოადგილე, გენერალური პროდიუსერი, ასევე თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის გენერალური დირექტორი, იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში. 2016 წლიდან დღემდე ის გახლდათ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი“ – განაცხადა პრემიერმა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობა აპირებს სამინისტროს კულტურისა და სპორტის სამინისტროებად გაყოფას, რის შემდეგაც რუხაძე კულტურის მინისტრის პოსტს დაიკავებს, ხოლო შალვა გოგოლაძე სპორტის მინისტრი იქნება.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს სპორტის სფეროში. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის განვითარებას. და სპორტის სამინისტროს ცალკე შექმნაც იქნება ყურადღების კიდევ ერთი გამოხატულება. სპორტი დარჩება განსაკუთრებულ პრიორიტეტად და სწორედ ამის გამოხატულება იქნება დამოუკიდებელი სპორტის სამინისტროს არსებობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ მედიას შალვა გოგოლაძის ბიოგრაფიაც გააცნო:

„შალვა გოგოლაძეს დამთავრებული აქვს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით არის იურისტი. წლების განმავლობაში ეწეოდა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, სხვადასხვა დროს იგი იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექტორი, იყო საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორი და წლების განმავლობაში ასევე იყო თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე. 2015 წლიდან, წლების განმავლობაში, იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას და მაშინაც კურირებდა სპორტის მიმართულებას. შესაბამისად, მას აქვს ძალიან ფართო გამოცდილება სპორტის სფეროში და დარწმუნებულები ვართ, ის იქნება ძალიან წარმატებული ჯერ პირველი მოადგილე სამინისტროში და შემდეგ უკვე ძალიან წარმატებული სპორტის მინისტრი“, – თქვა კობახიძემ.

თეა წულუკიანი, რომელიც კულტურის და სპორტის მინისტრის პოსტს იკავებდა, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაშია. კანონის მიხედვით, მან არჩევნებამდე მინისტრის პოსტი დატოვა.