მარნეულში საარჩევნო უბანზე ენმ-ის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს სცემეს

პუბლიკა

დაპირისპირება იყო მარნეულის 74-ე უბანზე. არსებული ინფორმაციით, უბნიდან ცდილობდნენ, გაეძევებინათ დამკვირვებელი, რომელიც დარღვევებზე მიუთითებდა, მოგვიანებით შენობაში შევიდნენ უცნობი პირები და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

„მთავარ არხთან“ აქტივისტი კახა კვეკვესკირი ჰყვება, რომ საარჩევნო უბანზე სიტუაციის გასარკვევად მივიდნენ, რა დროსაც გარკვეული ადამიანების ჯგუფი შევიდა შენობაში, დაიწყეს შეურაცხყოფა და ფიზიკური დაპირისპირება.

დამკვირვებელი, რომლის გაძევებასაც ცდილობდნენ, „მთავართან“ ჰყვება:

„მარკირებაზე რამდენიმე შენიშვნა მივეცი, იმიტომ, რომ არ აკეთებდნენ და არ ვიცი, სადღაც ერთ საათში ვიღაც დაჯგუფება შემოვარდა, გადამეფარნენ წინ, უნდა დატოვო ოთახი, აქ რა გინდა, ვინ ხარ და გაძევება უნდოდათ. მე ვთქვი, არ შემოვდივარ კონფლიქტში, აქეთ დავდგები, არ დავდგები უკან-მეთქი და დავიხიე უკან. კაბინებთანაც აკონტროლებდნენ, სამწუხაროდ, ვინ ვის აძლევდა ხმას, იყურებოდნენ, ამაზე ესეც არ მოსწონდათ. მოვიწერე, მოვასწარი მოწერა, რომ მიშველეთ-მეთქი იმიტომ, რომ ვიცოდი რაღაც მოჰყვებოდა“.

ნაცემია ენმ-ის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, აზად ქარიმოვი.

„ყიზილაჯლოს მაჟორიტარი, საკრებულოს წევრი პირდაპირ მოვიდა, დამარტყა…. „ქართული ოცნების“ ზონდერი ხალხი აქეთ არიან”, – ამბობს ქარიმოვი.

გიორგი მუმლაძე ტელევიზიასთან ჰყვება, რომ მას გაუსწორდა 3-4 ადამიანი, რის შემდეგაც უბნიდან გამოვიდა, თუმცა დაპირისპირება გაგრძელდა.

„ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა ჩვენზე”, – ამბობს მუმლაძე.

ადგილზე მივიდა პოლიცია.