საია თეთრიწყაროზე: სასამართლოზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, დაადგინა, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, თეთრიწყაროს სასამართლოში მიმდინარეობს მათი სარჩელის განხილვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევაზე.

ორგანიზაციის ცნობით, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი, სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება და დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია.

„მიმდინარე პროცესის ფარგლებში, მოსამართლემ საიას შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვა შემთხვევითი შერჩევით წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში შემავალი 3-3 უბნის ბიულეტენები, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალია.

მოსამართლემ ასევე მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი. სასამართლო სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია“, – წერს საია.

სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
საიამ არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტები საერთო სასამართლოებში გაასაჩივრა.
24 რაიონულ/საქალაქო სასამართლოში ორგანიზაცია 73 ოლქის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ორგანიზაცია ყველა იმ უბნის (2263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა სრულიად შაბლონური დასაბუთებით არ დააკმაყოფილეს საიას საჩივრები. საიას თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიებს პასუხისმგებლობა ამომრჩეველზე გადააქვთ და აცხადებენ, რომ შესაბამისი წესების დაცვის შემთხვევაში ხმის ფარულობა დაცული იქნებოდა.