ოპოზიციამ აქციაზე ახალი პრინციპები წარადგინა, რომელიც იქ შეკრებილ მოქალაქეებს გიორგი ვაშაძემ გააცნო. ვაშაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების დანიშვნაა.
„მინდა, გაგაცნოთ მთავარი პრინციპები, რაზეც ჩვენ პოლიტიკური ძალები შევთანხმდით და მინდა გაგაცნოთ, რომ ყველა ერთად შევთანხმდეთ ამ პრინციპზე:
– ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას;
– არ ვაღიარებთ მოპარულ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას;
– დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში, შემდეგ მთელს საქართველოში; ყოველი შემდგომი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე, უფრო და უფრო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული;
– ვაგრძელებთ მტკიცებულებების თავმოყრას და სრულფასოვნად საერთაშორისო გამოძიებისთვის დოკუმენტაციის შეგროვებას, რომ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი;
– ამ ბრძოლაში ჩართვა არ არის მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა და გთხოვთ, გავაცნობიეროთ, ის ნაბიჯები, რასაც ყოველდღიურად შემოგთავაზებთ, მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად შევასრულოთ იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ; ყველაფერს ვაკეთებთ ერთად, ეს არის ყველას ერთად გასაკეთებელი საქმე;
– და ბოლოს, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მოვიპოვებთ.
ჩვენი ნომერ პირველი სამიზნე ხელისუფლებასთან ერთად ახლა არის ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკომ უნდა გამოაცხადოს არჩევნები გაუქმებულად, რადგან დადასტურებულია, რომ არჩევნები მიიტაცეს”, – განაცხადა მან.