მელია: ნაცვლად სპორტის სასახლისა, 3 საათზე ვიკრიბებით სააპელაციო სასამართლოსთან

პუბლიკა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა მელია წერს, რომ სპორტის სასახლის ნაცვლად, დღეს, 15:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან და მოითხოვენ საარჩევნო სარჩელების სამართლიან განხილვას.
გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციაზე ოპოზიციამ დააანონსა დღის 2 საათზე სპორტის სასახლესთან შეკრება. 
„დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩაინიშნა, არასამთავრობოების საჩივრების განხილვა, უბნების ბათილობასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა თეთრიწყაროში, სადაც გუშინ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებით:
„სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით, ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობისა და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა“;
მნიშვნელოვანია დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მივიდეთ და მოვითხოვოთ სამართლიანი განხილვა ყველგან! შესაბამისად, ნაცვლად სპორტის სასახლისა,

3 საათზე ვიკრიბებით სააპელაციო სასამართლოსთან. მის: გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა (დიღომი)“, – წერს ნიკა მელია.

ოპოზიციამ 4 ნოემბერს გამართულ აქციაზე თქვა, რომ საპროტესტო მოქმედებები ქუჩაში ყოველდღე იქნება.

 4 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი“ და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. სარჩელით საია მოითხოვდა წალკისა და თეთრიწყაროს ყველა ელექტრონული უბნის შედეგების ბათილად ცნობას. საიას შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით.

საია 24 რაიონულ/საქალაქო სასამართლოში 73 ოლქის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ორგანიზაცია ყველა იმ უბნის (2263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.