„ვიმსჯელებთ რა იქნება სამოქმედო გეგმა“ - ცესკოში კომისიის ოპოზიციონერი წევრები შეიკრიბნენ

პუბლიკა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კომისიის ოპოზიციონერი წევრები იკრიბებიან. სამუშაო ფორმატის შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც 4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი დააკმაყოლფია და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა.

„დღეს ვიკრიბებით ცესკოს ოპოზიციონერი წევრები სამუშაო შეხვედრის ფორმატში, გამომდინარე იმ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტიდან, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი, კერძოდ ის, რომ თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ მიიღო მართლაც სამართლიანი და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. […] მივიღეთ ის შედეგი, რომელიც უნდა მიიღოს ყველა ოლქში ყველა შესაბამისმა სასამართლომ, ეს იმას ნიშნავს, რომ 2 263-ვე ტექნოლოგიზებულ უბანზე მოხდა ის რაც მოხდა თეთრიწყაროში, შესაბამისად, ფარულობის კონსტიტუციური პრინციპი არის დარღვეული, ეს იმას ნიშნავს, რომ 90% პროცენტისთვის როგორც მინიმუმ ამომრჩევლების ფარულობის პრინციპი იყო დარღვეული რაც არის არალეგიტიმურად ცნობის საფუძველი, ამან უნდა გამოიწვიოს ხელახალი არჩევნები, ჩვენ ყველანაირ სამართლებრივ და პროცედურულ ნაბიჯს ახლა განვიხილავთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ ამ შედეგს”, – ამბობს გიორგი სიორიძე „ძლიერი საქართველოდან“ „ტვ პირველთან“ საუბარში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით, ანა კობახიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე იმსჯელებენ მომდევნო დღეებში სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც საზოგადოებას მოგვიანებით ბრიფინგზე გააცნობენ.

„გუშინდელი გადაწყვეტილება სასამართლოსი ეს უკვე ნათელი, კანონიერად დადასტურებული გადაწყვეტილებაა ხმის ფარულობის პრობლემასთან დაკავშირებით და შესაბამისად ჩვენ მოგვიწევს ალბათ მთელი რიგი უფრო მკაცრი ღონისძიებების გატარება, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწევს, ამასთან დაკავშირებით გვაქვს დღეს შეხვედრა, გვექნება კონსულტაციები ერთმანეთთან, გვექნება ბრიფინგიც შესაბამისი, რაც იქნება გადაწყვეტილება“, – ამბობს დავით ჯინჯოლავა „ტვ პირველთან“.