ხაზარაძე: პროკურატურაში მიბარებენ მოწმის სახით, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით

პუბლიკა

„ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გენერალური პროკურატურიდან დაურეკეს და გამოკითხვაზე მოწმის სახით დაიბარეს.

საქმე ეხება ცენრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას, არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით.

ხაზარაძის თქმით, ის გამოკითხვაზე 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით მივა.

„დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით და ვნახავ ბიძინას მორჩილი პროკურატურა როგორ მოიქცევა.

ყველგან გავიმარჯვებთ!!

დღეს საქალაქო სასამართლოსთან ვიკრიბებით 3 სთ-ზე, ბრძოლა გრძელდება”, – წერს ხაზარაძე.


პროკურატურის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყეს საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

უწყებამ გამოკითხვაზე დაიბარა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, თუმცა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. გამოკითხვაზე დაიბარეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილიც, თუმცა საგამოძიებო უწყებაში მისვლას არც ის აპირებს. ასევე, პროკურატურაში მისვლას არ აპირებს სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა” სპიკერი, ლონდა თოლორაია.