ხაზარაძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხა

პუბლიკა
თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე. საქმე ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას, არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით.
მან მედიასთან თქვა, რომ სასამართლოში ნახა „ორი საქართველო“ – ერთ მხარეს ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები და დამკვირვებლები, რომლებიც არგუმენტირებულად საუბრობდნენ, მეორე მხარეს კი „გვრიტიშვილი, ბოდიში და ჩამყაყებული სასამართლო და ჩინოვნიკები“, რომლებიც გადასახადებიდან იღებენ ხელფასს და ქვეყანას ყიდიან.
„როგორც კი შეფასებაზე გადავდიოდი იმ წუთშივე მაჩერებდნენ, არა არა, აქ ჩვენ სხვა თემაზე არ ვლაპარაკობთ, როგორც კი რამეს გადავიდოდი, რომ მეთქვა, შეფასება გამეკეთებინა თუ რა ხდება ქვეყანაში და რატომ ვართ ამ მდგომარეობაში, არა ეს ჩვენ არ გვაინტერესებს, აბა რა აინტერესებთ?! იმიტომ რომ აქ ორი სტანდარტია, მე ვთქვი, როცა პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გამოდის და საათ-ნახევარი აქვს საშუალება ისაუბროს ყველა თემაზე, მეორე ოთახში თურმე მე არ მაქვს საშუალება და არავის არ აქვს საშუალება რომ ვისაუბრო ისეთ თემებზე, რომელიც ქვეყანას აწუხებს, არჩევნებთან მიმართებაში მე სხვა თემებს არ შევხებივარ. მინდა, ყველა იმ ადამიანს მივმართო, ვისაც აქვს შერჩენილი პრინციპულობა და სიმართლისთვის ბრძოლა, ეს პროკურატურა იქნება, სასამართლო თუ ასე შემდეგ, ეს ბრძოლა ბოლომდე მივა, რადგან აქ არ არის ლაპარაკი ჩემ და თქვენ შვილებზე, აქ მათ შვილებზეც არის, ყველას შვილებზე და ჩვენ მომავალზეა ლაპარაკი… ვიტყვი, რომ ეს რაც ჩატარდა, არის მომავლის ქურდობა, ფაქტები დევს სახეზე, ამდენი ხნის განმავლობაში არავინ არ დასჯილა, არავინ არ დაჭერილა ორი ადამიანის გარდა, რომლებმაც უხეშად ჩატენეს ბიულეტენები და ნუ უკვე სხვა გზა არ იყო, იმიტომაც ჩატენეს, რომ აგებდნენ იმ უბანში, ოპოზიცია იგებდა და გააუქმეს“, – თქვა ხაზარაძემ.
დღეს საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე ამავე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა კოალიცია „ჩემი ხმის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი ლონდა თოლორაია. ასევე „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი.