ნაცვლიშვილი: შევადგინეთ განაცხადის ფორმები, რომ მოქალაქეებმა ცესკოს ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მიმართონ

პუბლიკა

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც მისი თქმით, მოქალაქეებს საშუალებას მისცემს მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და „აქტიური როლი შეასრულონ არჩევნების, როგორც დემოკრატიული ინსტრუმენტის დაბრუნებაში“.

ნაცვლიშვილის თქმით, FACEBOOK-ზე შეიქმნა ჯგუფი – „დაიცავი შენი ხმა ვითხოვ ახალ არჩევნებს“, სადაც განთავსდება სამართლებრივად დასაბუთებული მიმართვის ფორმები, როგორც ემიგრანტებისთვის, ისე საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. 

„მინდა წარმოგიდგინოთ ჯგუფი, რომელიც შეიქმნა FACEBOOK პლატფორმაზე, თითოეულ მსურველს შეეძლება გაწევრიანდეს ამ ჯგუფში სადაც ჩვენ მოგაწვდით ყოველდღიურად ინფორმაციას, მათ შორის ეს ორი ინსტრუმენტი განთავსდება ამ ჯგუფში, ეს არის განცხადებების ფორმით, სამართლებრივად დასაბუთებული, საქართველოს კანონმდებლობაზე დაფუძნებით შედგენილი ორი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც თქვენ შეგეძლებათ. ერთი არის მომზადებული ემიგრანტებისთვის, რომ ემიგრანტებმა მიმართოთ ცესკოს, დაადასტუროთ რომ არ მოგეცათ შესაძლებლობა მიგეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, თუმცა ვინაიდან არსებობს გაშიფრული სქემა, რომ სწორედ თქვენი მონაცემები იყო გამოყენებული საქართველოში მრავალჯერადად არჩევნების მოპარვისთვის, მიმართოთ ცესკოს და მოითხოვოთ გასაჯაროვდეს ვერიფიკაციის ხელმოწერილ ქვითრებში ხომ არ არის თქვენი მონაცემები ბოროტად გამოყენებული, ცესკო ვალდებულია გიპასუხოთ ამაზე და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. მეორე ინსტრუმენტი ეს არის მეორე განაცხადის ფორმა, რომლითაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ცესკოს, გავრცელებულ და საჯაროდ ნანახ კადრებზე დაფუძნებით განაცხადოთ, რომ ვინაიდან დაირღვა არჩევნების ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, ხმის ფარულობა, დაირღვა თქვენი უფლება, როგორც საქართველოს მოქალაქის და შესაბამისად მოითხოვოთ ბათილად იქნეს ცნობილი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და მოითხოვოთ ხელახალი, სამართლიანი არჩევნები“, – თქვა ნაცვლიშვილმა.