თბილისის მერის, კახა კალაძის ცნობით, შპს „თბილსერვის ჯგუფს“ გიორგი პაპავა უხელმძღვანელებს, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის თანამდებობას თამაზ ალიბეგაშვილი დაიკავებს.
„გვაქვს გარკვეული საკადრო ცვლილება. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობა დატოვა დავით ფაჩულიამ. მინდა, მას მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო სამომავლო საქმიანობაში. მან ძალიან ბევრი სასიკეთო ცვლილება განახორციელა. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე კი მინდა, წარმოგიდგინოთ გიორგი პაპავა, რომელიც წლებია, მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე.
გიორგი პაპავა პროფესიით იურისტი, სამართალმცოდნეა. იგი ბოლო ორი წლის განმავლობაში, თბილისის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა, მანამდე იკავებდა შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას. უფრო ადრე მუშაობდა ენერგეტიკის სფეროში, იუსტიციის სამინისტროში და ა.შ., სადაც იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს. ის არის კარგი იურისტი, კარგი მენეჯერი. ვფიქრობთ, ახალ პოზიციაზე ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს და მისი საქმიანობა იქნება წარმატებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობას, კალაძის ცნობით, ის დაიკავა თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ყოფილმა დირექტორმა თამაზ ალიბეგაშვილმა.