ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა: მხარს ვუჭერთ ბსუ-ს სტუდენტების ბრძოლას მოპარული ხმისთვის

პუბლიკა

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა ეხმაურება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დაწყებულ პროტესტს და მხარდაჭერას გამოხატავს. განცხადებაში სტუდენტები აღნიშნავენ, რომ გმობენ თითოეული პირის მონაწილეობას არჩევნების გაყალბების პროცესში.

„შევახსენებთ ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, რომ ჩვენი, სტუდენტების, არათუ უფლება, მოვალეობაა სამშობლოს სამსახურში დგომა, რომ ვერავინ შეძლებს ჩვენი ხმის ჩახშობას ვერც უნივერსიტეტებში და ვერც უნივერსიტეტებს მიღმა! დღეს ჩვენც ჩვენი ხმების, სამშობლოს, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის გუშაგები ვართ!

მოგიწოდებთ ერთიანობისკენ! ჩვენ, სტუდენტები, როგორც საქართველოს აქტიური მოქალაქეები და დამკვირვებლები, რომლებიც თავადვე შევესწარით, როგორ ყალბდებოდა საქართველოს არჩევანი, მონაწილეობას მივიღებთ ყველა მშვიდობიან აქციასა და მსვლელობაში, რათა დავიბრუნოთ ჩვენი ხმა და ევროპული მომავალი”, – ნათქვამია ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის განცხადებაში.

დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები შეიკრიბნენ და ახალი მოძრაობა – „გუშაგები“ დააფუძნეს. ახალგაზრდების თქმით, პროტესტი არ შეწყდება და არ გაჩერდებიან, სანამ არ მიაღწევენ საერთო მიზანს. ახალგაზრდებმა რექტორისა და ადმინისტრაციის წევრების წინააღმდეგ ბრალდებები გააჟღერეს და თქვეს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჩართულები იყვნენ როგორც წინასაარჩევნო აგიტაციაში, ისე არჩევნების გაყალბებაში.