კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ „ქართულ ოცნებას” არჩევნებში „ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება” მიულოცა.
პატრიარქის წერილში ნათქვამია:
„მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის.
ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა. მთავარია ჩვენსა და უფალს შორის სინერგია შედგეს”.
დღეს, 16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა.
ცესკოს მიერ გამოცხადებული საბოლოო შედეგებით, „ქართულ ოცნებას” 89 მანდატი აქვს, ხოლო ბარიერგადალახულ ოპოზიციას ჯამში – 61.
- კოალიცია „ცვლილებისთვის” – 11,03% (229 161 ხმა) მანდატი 19;
- „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” – 10,17% (211 216 ხმა); მანდატი 16;
- „ძლიერი საქართველო” – 8,81% (182 922 ხმა); მანდატი 14;
- „გახარია საქართველოსთვის” – 7,78% (161 521 ხმა) მანდატი 12;
- „ქართული ოცნება” – 53,93% (1 120 053 ხმა) მანდატი 89.
27 ოქტომბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურია.
„ქართული ოცნებისთვის” არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავს დასავლური დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებს.
არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს ის 4 ოპოზიციური კოალიცია და პარტია, რომელმაც, ცესკოს შედეგების თანახმად, 5%-იანი ბარიერი გადალახა და პარლამენტში მანდატები მიიღო: „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, „ძლიერი საქართველო” და „გახარია საქართველოსთვის”.
26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლინდა სისტემური დარღვევები, მათ შორის ყველაზე მასშტაბური ხმების ფარულობის პრინციპის დარღვევაა. ამის გამო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ყველა იმ უბნის შედეგების გაუქმება მოითხოვა, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა – 2263 უბნის შედეგი სულ 3111-დან. ორგანიზაციამ სასამართლოსაც მიმართა. თუმცა, ფარულობის დადგენა მხოლოდ ერთმა – თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დაადგინა. მისი გადაწყვეტილება მალევე გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
ამ დროის მონაცემებით XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ერთპარტიული იქნება.