ცაჰკნა: ნათელია, რომ მმართველი პარტია არ აპირებს ევროკავშირის გზისკენ სვლას

პუბლიკა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში სხდომის დაწყებამდე საქართველოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს განხილვის ერთ-ერთი საკითხი იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებაში.

„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ შეშფოთებულები ვართ და დღეს გვექნება განხილვა, რას გავაკეთებთ, რადგან ნათელია, რომ მმართველი პარტია არ აპირებს ევროკავშირის გზისკენ სვლას, როგორც ამას ჰპირდებოდნენ. ამიტომ ესეც საინტერესო მსჯელობა იქნება. ჩვენ გვაქვს გარკვეული ნაბიჯები, თუ რას გავაკეთებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ნათელი უნდა იყოს, რა იქნება საქართველოში გადადგმული ნაბიჯები, რადგან წესები ასეთია, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი“, – განაცხადა ცაჰკნამ.

დღეს, 18 ნოემბერს, ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, რომელიც დღეს ბრიუსელში დაგეგმილ სხდომას გაუძღვება, საქართველოზე ისაუბრა. მან თქვა, რომ მისი შეთავაზებაა, საქართველოს მთავრობას მხარდაჭერის ნაწილი გაუყინონ და მათ ნაცვლად, ეს თანხა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისთვის გადაამისამართონ. ბორელის თქმით, საუბარია 100 მილიონი ევროს დახმარებაზე.