ჩვენი რჩევაა, სადაც შესაძლებელია, პერსონალი გაიყოს ორად - იმნაძე სამედიცინო სექტორს მიმართავს

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კლინიკებს ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ურჩიეს, შესაძლებლობის მიხედვით, გაეყო პერსონალი ორ ნაწილად, რათა მათ იმუშაონ 2-კვირიანი ინტერვალებით.

„როცა მუშაობს ერთი ნაწილი, მეორე ისვენებს ორი კვირა და მერე ანაცვლებენ ერთმანეთს. ეს იმის საშუალებას მოგვცემს ნებისმიერ დაწესებულებაში… რომელმაც უწყვეტი ციკლით უნდა იმუშაოს. ეს ეხება საავადმყოფოებსაც, მათ შორის.

ჩვენთან ლაბორატორიაში, სამწუხაროდ, ეპიდსამსახურში ეს შეუძლებელია იმიტომ, რომ ძალიან გადატვირთულია სამუშაოთი, მაგრამ ლუგარის ლაბორატორიაში ამის შესაძლებლობა არის – 2 კვირა მუშაობს ერთი ბრიგადა. ისინი სახლიდან მუშაობენ ამ პერიოდში. შემდეგ ეს ბრიგადა იცვლება და შემდეგი ორი კვირა მუშაობს სხვა. ეს არის ჩვეულებრივ მიღებული პრაქტიკა. მე ვურჩევ, რომ ყველა ჩემმა კოლეგამ გაითვალისწინოს, როცა დაგეგმავს თავიანთ მუშაობას საავადმყოფოებში”, – განაცხადა იმნაძემ.

მისი მტკიცებით, საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების მისაღებად ადგილები საკმარისია.