გოგოლაშვილი: პაპუაშვილის დეზინფორმაცია EU-ში გაწევრების შეჩერების გამართლებას ემსახურება

პუბლიკა

„საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი ეხმაურება შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროკავშირში გაწევრებით საქართველოს მოუწევს, სავიზო რეჟიმი დაუწესოს დსთ-ის წევრ ქვეყნებს.

შალვა პაპუაშვილმა 27 ნოემბერს „რუსთავი 2-ის“ ეთერში თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრების შემთხვევაში „ბევრ ქვეყანასთან მოგვიწევს თავისუფალი ვაჭრობის შეჩერება, მათ შორის, ჩინეთსა და დსთ-ის ქვეყნებთან”.

პაპუაშვილმა ევროკავშირის შესახებ ასევე თქვა, რომ „გაერთიანების წევრობა ნიშნავს სუვერენიტეტის ნაწილისა და ეკონომიკური თავისუფლების დათმობას“.

გოგოლაშვილის თქმით, პაპუაშვილი დეზინფორმაციას ავრცელებს და არაფერს ამბობს იმ სიკეთეებზე, რომელიც ევროკავშირის წევრობას მოაქვს.

„რუსეთსა და დსთ-ს ზოგიერთ ქვეყანასთან ვიზების შემოღება მოგვიწევს. მაგრამ იმას კი არ ამბობს, რომ ევროკავშირის პასპორტით შეგიძლია, უვიზოდ შეხვიდე ამერიკაში, კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის თუ ოკეანიის, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში.

მან ასევე თქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გაუქმება მოგვიწევს ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთანო, რუსეთს გულისხმობდა და არ თქვა უბრალოდ ამ დროს, რომ ევროკავშირის წევრობა თავისუფალ ვაჭრობას გახსნის თურქეთთან, იაპონიასთან, კანადასთან, ვიეტნამთან, მექსიკასთან, ჩილესთან, არგენტინასთან, ახალ ზელანდიასთან, შეგვინარჩუნებს და გააღმავებს დიდ ბრიტანეთთან, ნორვეგიასთან, შვეიცარიასთან, გაგვიხსნის ბალკანეთის ქვეყნებთან, ჩრდილო და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთან და ა.შ. მომავალში აშშ-თან.

მთლიანობაში, ევროკავშირის სამარკო ნიშნის საქონელი ყველგან კონკურენტუნარიანია და ნებისმიერ ქვეყანაში შეღწევა არ უჭირს. მოკლედ, ასეთი დეზინფირმაცია და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გასამართლებლად ხდება”. – ამბობს კახა გოგოლაშვილი.