შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ნ.ჯ., ხოლო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები არიან 1999 წელს დაბადებული ა.კ. და 1993 წელს დაბადებული ს.ს.
მათ 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
შსს-ის მტკიცებით:
„ბრალდებული ნ.ჯ. რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების მსვლელობისას, აქციის წევრებთან ერთად, სისტემატურად და უწყვეტად ახორციელებდა ძალადობას სამართალდამცველების მიმართ. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, მათი ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით ისროდა პიროტექნიკას.
ბრალდებულმა ა.კ.-მ, მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.
ბრალდებული ს.ს. მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე გამართული შეკრების დროს, ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს და თავის არეში დაზიანება მიაყენა”.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
უწყების განცხადებით, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი.
ასევე, 8 პირია დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი.