„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია „ცდილობს ახალ ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვოს და ბლინკენის განცხადებაც ამ ყველაფრის გაგრძელებაა”.
„ერთი რომ სრული სიყალბეა წარმოდგენილი ამ განცხადებაში. საუბარია მშვიდობიან მომიტინგეებზე, როცა თქვენ ხედავთ, როგორი მშვიდობიანი იყო ის მიტინგები, რომლებიც ეწყობოდა საქართველოში. როდესაც ამ მასშტაბით სიყალბეს ვხვდებით სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, ეს არის, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ [ტრამპის ინაუგურაცია] ასეთ სიყალბეს არცერთ ამერიკულ განცხადებაში არ შევხვდებით. რა თქმა უნდა, ეს განცხადებაც არის ამ პროცესის გაგრძელება.
მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს ახალ ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვოს მთლიანად რეგიონში, ეს ეხება უკრაინას, საქართველოს და ეს განცხადებაც, ბუნებრივია, ამ ყველაფრის გაგრძელებაა“, – განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატები დამატებითი ზომების მისაღებად ემზადება, მათ შორის ის საუბრობს სანქციებზე.
ბლინკენი განცხადებაში საუბრობს აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის 32-წლიან პერიოდზე და აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოს მამაცი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რკინასავით მტკიცეა.
„აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების” პარტიის მიერ საქართველოს მოქალაქეები, დემონსტრანტების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გამოჩენილ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას”, შეაჩეროს მისი რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის მათი კრიტიკოსების გასაჩუმებლად განხორციელებული განურჩეველი დაკავებები და ფიზიკური ძალადობა.
ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებული მოქალაქეებისთვის მიყენებული დაზიანებების შესახებ ცნობებით. ადამიანები, რომლებიც გამოხატვისა და შეკრების მათი უფლების გამო დააკავეს, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და ისინი, ვინც უკანონო ძალა გამოიყენა, სრულად უნდა იყვნენ პასუხისმგებელი.
აშშ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში – მათ შორის ისინი, ვინც ზღუდავენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებას – პასუხისმგებელი იქნებიან. ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის გარდა, აშშ ემზადება ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოსაყენებლად, მათ შორის დამატებითი სანქციების”, – აღნიშნავს ბლინკენი.